მამბერი გახლავთ დასავლეთ საქართველოს მითოლოგიაში მგლების მბრძანებელი.
წარმართი სვანები მამბერს მგლების მეუფედ მიიჩნევდნენ. მას ეთაყვანებოდნენ როგორც სვანები, ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა მთიელები (ლეჩხუმელები, რაჭველები და სხვ.) როდესაც მამბერი კმაყოფილი იყო ადამიანებით, მაშინ იგი თავის დაქვემდებარებაში მყოფ მგელთა ხროვებს პირს უკრავდა ანუ უკრძალავდა თავს დასხმოდნენ შინაურ საქონელს, ხოლო განრისხების ჟამს, პირიქით, საქონელზე მიუშვებდა ხოლმე მათ.
თაყვანს სცემდნენ დასავლეთ საქართველოს სხვა მთიელებიც. როდესაც მამბერი კმაყოფილი იყო ადამიანებით, იგი მგლებს პირს უკრავდა, ხოლო განრისხების ჟამს, პირიქით, საქონელზე მიუშვებდა ხოლმე მათ.
ეთნოლოგთა მიერ მე-20 საუკუნეში ჩაწერილია შემდეგი შინაარსის ხალხური გადმოცემა: “ქრისტე ღმერთი და წმინდა გიორგი ჩამოივლიან ჩვენებურ სოფლებს. ერთ-ერთ სოფელში იესოს რაღაც არ მოეწონება და გადაწყვეტს სოფლის დასჯას, გიორგი კი სოფელს გამოესარჩლება და ამის ნებას არ მისცემს”.
თქმულებაში კარგად ჩანს, რომ იესო ქრისტე ჯერ კიდევ უცხოა ხალხისთვის, ხოლო წმინდა გიორგი, რომელიც ქრისტეს შემდეგ ბევრად უფრო მოგვიანებით იშვა და მოღვაწეობდა – უფრო ახლობელი. ცხადია იბადება კითხვა რატომ? იმიტომ, რომ წმინდა გიორგიზე გადმოდის მისი წარმართული წინასახისა და წინამორბედის სახელი, რომლის კულტსაც შემდგომში შეეთვისა ახალი, ქრისტიანული წმინდანის სახელი.
სვანეთში ცნობილია ამგვარი გამოთქმა: “მგლები წმინდა გიორგის ძაღლებიაო”. მგელთა მბრძანებლის სახელში – “მამბერ”, – ბერ ნიშნავს მგელს. მამბერი კი მგელთა მამას. ჩვენ, არა მხოლოდ ქართველები, არამედ ჩვენი მოდგმის სხვა კავკასიელებიც (იბერო-კავკასიელები), როგორიცაა მაგალითად ვაინახები და სხვ. ქრისტიანობამდელ წარსულში საკუთარ თავს მივიჩნევდით მგლის მოდგმად, ეს იყო მგლის კულტი, უძველეს კავკასიელ ხალხთა ტოტემი.
მგელი ასევე მთვარის საკულტო ცხოველია. მთვარე კი მიწათმოქმედთა კალენდრის დასაბამი. ჩვენი წინაპარი დიდი ხნის განმავლობაში ეთაყვანებოდა მთვარეს და მის ზოომორფულ სახეს – მგელს. მგელთა მბრძანებლის და დიდი ღმერთის დასახელება კი სვანურად როგორც უკვე ვთქვით არის “მამბერ”, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს მამა მგელს ან მგელთა მამას.