განსაკუთრებული სიავით გამოირჩევიან კუდიანები, რომლებიც ადამიანები არიან, მაგრამ ავსულთა წრეში მოექცნენ და მათი ბუნება შეიძინეს. კუდიანებად ორივე სქესის ადამიანები არიან ცნობილნი, მაგრამ მამაკაცები თითოოროლაა, ქალები კი – საკმაო რაოდენობით.
კუდიანებს ორი სული აქვთ: სუფთა და არაწმინდა. კუდიანი თვითონაც ავი ძალაა. დღისით იგი შერწყმულია სუფთა სულთან, ღამით კი მას დაძინებულს ტოვებს და მიდის სამოქმედოდ – ხან ცხოველად გადაიქცევა, ხან – მწერად. სახლებში ნაპრალებიდან შედის და მერე ბრუნდება სხეულში. ისინი მრავლდებიან ჩვეულებრივი წესით. ასევე იმხრობენ სხვის ბავშვებს და ასწავლიან თავიანთ ხელობას: კედელზე გაჩერებას, ნემსის ყუნწში გაძრომას, მგზავრობენ მგლებსა და კატებზე ამხედრებულები, ან ამ ცხოველებად გადაიქცევიან. კუდიანები ამოირჩევენ ახლადდაბადებულ ბავშვს. შედიან შუაღამის შემდეგ ამ სახლში და მძინარე ბავშვს აბურთავებენ – ერთმანეთს გადაუგდებენ. თან ჯადოსნურ სიტყვებს ამბობენ ლექსივით. როცა ბავშვი იღვიძებს, ჯადოქრები თავიდან თმის ბღუჯას ამოაჭრიან და მიდიან. ასე მეორდება რამდენჯერმე. 6 და 15 აგვისტოს წინა ღამეს დედები ეკლესიიდან მოტანილ სანთლებს ცვილს ააგლეჯენ და ბავშვებს აკრობენ. თუ რომელიმე დარჩა სანთლის გარეშე, მას კუდიანები ადებენ ნიშანს და ასწავლიან თავიანთ ხელობას.
კუდიანების უფროსია როკაპი, რომელიც იღებს ახალ წევრს, ამოწმებს მის უნარს და მიაბარებს გამოცდილებს სასწავლად. მათი მთაა ტაბაკელა ან ტაბაკონი. ისინი დაძინებულ ადამიანს გულს გლეჯენ. კუდიანებს სამეგრელოში მზაკვრებს უწოდებენ.
შუაღამისას მზაკვრები საჰაერო გზით მიემართებიან როკაპის სამფლობელოსკენ, ზოგი ცოცხზეა გადამჯდარი, ზოგი – საწნახელზე. ტაბაკონზე დიდი კოცონია დანთებული, რომელზეც უზარმზარი ქვაბია დაკიდებული წყლით. მასში უნდა მოიხარშოს ყველა ადამიანის გული, რომელიც წლის განმავლობაში მოაგროვეს მზაკვრებმა. ისინი ძღვენით მიდიან როკაპთან და უყვებიან თავიანთი ნამოქმედარის შესახებ. თვითონ როკაპი საშინელი დედაბრის სახით არის დახატული უზარმაზარი ეშვებით.
საერთოდ, ცოცხზე გადამჯდარი კუდიანი, რომელიც საკვამურში ჩადის და მერე თავის უფროსს აბარებს ანგარიშს (ანუ შუა საუკუნეების ევროპაში გავრცელებული სურათი) არ არის კავკასიური მითოლოგიის კუთვნილი სახე.
ადამიანის კუდიანად, ავსულად ქცევას ხევსურეთში აღნიშნავდა სიტყვა „გამიწრივლება“. ხალხში ყვებოდნენ: „უკანხადუში ცხოვრობდა კაცი, სახელად კურდღელა. იმ კაცს სოფლის განაპირას ციხე ჰქონდა და შიგ ცხოვრობდა. თურმე სიცოცხლითვე ეტყობოდა, რომ რაღაც სხვანაირი კაცი იყო, გრძნეული, შურიანი, ბოროტი. სიკვდილის შემდეგ ის გამიწრივლდა (ე. ი. ავსულად, ეშმაკად იქცა) და დადგა კაცთა ვნებაზე. იმის ნაციხართან ჩავლილი ბავშვები და ქალები შინდებოდნენ, ძილში ეჩვენებოდათ და ავად ხდებოდნენ, ზოგი კვდებოდა კიდეც. ბოლოს მკითხავებმა თქვეს, რომ კურდღელა გამიწრივლდა და ვინც არაფერს შესწირავს, იმას ავნებსო. რგება არ შეუძლია, ვნება კი – ბევრისა. ბოლოს ეს ადგილი სალოცავადაც იქცა“.
ქეთევან სიხარულიძე
წყარო: ლიგა