ვ. ლომინაძის ცნობით, კუდიანისთვის ფიზიკური წამების მიყენება დანაშაულად კი არ ითვლებოდა, არამედ ღვთის მაამებელ საქმედ მიაჩნდათ. საზოგადოებას, რომელსაც სწამდა კუდიანთა არსებობა, დემონურ არსებათა მიმართ განსაკუთრებული შიში ამოძრავებდა. ადამიანები ყვებოდნენ შემაძრწუნებელ ისტორიებს კუდიანთა ვნებებზე. ამიტომაც, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კუდიანებისგან თავის დასაცავად ხალხი უსაფრთხოების სასტიკ ზომებს იღებდა. დემონური ძალების მიმართ შიშს თან სდევდა კოლექტიური ძალების გააქტიურება.
ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთ სოფელში კუდიანობაში ეჭვმიტანილს XIX საუკუნის მეორე ნახევარშიც კი, ზოგჯერ, სიკვდილით სჯიდნენ. ამ ტიპის გადმოცემები რეალურ ისტორიებზეა აგებული. უფრო სწორად, კუდიანობაში შემჩნეული ადამიანები და მათი დამსჯელები, რეალურად ცხოვრობდნენ იმ სოფლებში, რომლებზეც გადმოცემები მოგვითხრობენ.
კუდიანის გამოტეხასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ სიახლოვეს ამჟღავნებს ქართულ (ხევსურულ) ტექსტებთან ჩეჩნური გადმოცემა. ხევსურული ანდრეზის მიხედვით, კუდიანთა შეკრებაზე მისულ ქალს ავსულებმა საკუთარი შვილის მოკვლა უბრძანეს, ხოლო ჩეჩნურ თქმულებაში სიძის მოკვლა. ორივე გადმოცემას აქვს ერთი და იგივე სიუჟეტი. ვაჟიც და სიძეც საიდუმლოდ ესწრებიან კუდიანთა შეკრებას. ისინი საკუთარი ყურით მოისმენენ კუდიანთა სასტიკ განაჩენს და თავდაცვის ზომებსაც თვითონვე მიიღებენ. ორივე ტექსტში, როგორც ხევსურულ, ისე ჩეჩნურ გადმოცემაში, კუდიანი ბუზად იქცევა და ცდილობს ავნოს ერთ შემთხვევაში საკუთარ შვილს, მეორე შემთხვევაში სიძეს. ვაჟები შეიპყრობენ ბუზს, რადგან იციან, რომ მასში კუდიანის სულია. ხევსურულ გადმოცემაში კუდიანი დედა „ჯარას ძაჴს“, როცა ვაჟი ბუზს ხელს მოუჭერს, „დადგებიან ჯარან“. დედა ეხვეწება ვაჟს, რომ ბუზი გაუშვას. ვაჟი აიძულებს დედას, გამოტყდეს კუდიანობაში. ქალი გადის ბანზე და ხმამაღლა იძახის: „გატეხილ ვარივ, კუდიან ვარივ!“. ჩეჩნურ გადმოცემაში უფრო დრამატულად ვითარდება სიუჟეტი. ვაჟი ქისაში ათავსებს ბუზს, რომელშიც კუდიანი სიდედრის სულია. მან ხელი მოუჭირა ქისას და დაინახა, რომ სიდედრს გული შეუღონდა. მან ოდნავ გაშალა ხელი და სიდედრი კვლავ გონს მოვიდა. „ესე იგი სიმართლე ყოფილა, ეს კუდიანია“ – გაიფიქრა ბიჭმა. ის თავის ცოლთან წავიდა და უამბო, რაც შეემთხვა. ცოლმა გამოართვა ქისა, გამოვიდა კოშკიდან და ბუზი ფეხით გასრისა. როცა კოშკში დაბრუნდა, ქალმა თავისი დედა გარდაცვლილი ნახა.
გადმოცემებიდან ირკვევა, რომ კავკასიაში კუდიანთა დევნის, გამოვლენისა და გამოტეხის დადგენილი და ჩამოყალიბებული მეთოდები არსებობდა. ფშავში მიაჩნდათ, რომ კუდიანებს ჰქონდათ თითის სიგრძე კუდი. ამიტომ ეჭვმიტანილს ძალით აშიშვლებდნენ და წყალში სვამდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ თუ „შემჩნეულს“ კუდი ჰქონდა, ის წყალში უეჭველად გამოჩნდებოდა. თუ ეჭვმიტანილს კუდი მართლაც აღმოჩნდებოდა, ის უნდა გამოტეხილიყო, რათა კუდიანისთვის დამახასიათებელი თვისებები დაეკარგა.
ჩერქეზეთშიც, ისევე როგორც მთელ კავკასიაში, კუდიანებს უმოწყალოდ დევნიდნენ და აწამებდნენ. ლ. ლიულეს ცნობით, ჩერქეზებს ჰყავდათ განსაკუთრებული სტატუსის მქონე მკითხავი (ცისიუო), რომელიც, მათი აზრით, ფლობდა კუდიანის ამოცნობის უნარს. როცა ფიქრობდნენ, რომ ავადმყოფობის ან სხვა სახის უბედურების მიზეზი შეიძლება ჯადოქრობა ყოფილიყო, მაშინ კუდიანის ამოსაცნობად მოუწოდებდნენ ცისიუოს, რომელსაც მთავარი ინკვიზიტორის ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული. კუდიანობასა და ჯადოქრობაში ეჭვმიტანილი მის წინაშე უნდა წარედგინათ. ცისიუო ან დაადასტურებდა მის დანაშაულს კუდიანობაში, ან მის უდანაშაულობას დაამოწმებდა და ასეთ შემთხვევაში მას ათავისუფლებდნენ სასჯელისგან. მაგრამ თუ კუდანობაში მხლებული საზოგადოების წინაშე არ გამოტყდებოდა და არ აღიარებდა თავის დანაშაულს, მას აწამებდნენ. ეჭვმიტანილს სვამდნენ ორ აგიზგიზებულ კოცონს შორის. ამავდროულად კუდიანობაში ბრალდებულს აიძულებდნენ ეჭამა საგანგებოდ მის გამოსატეხად დაკლული შავი ძაღლის შემწვარი ღვიძლი. საცოდავი მსხვერპლი, კუდიანობაში მხილებული, ნატანჯი ამგვარი წამებით, იძულებული ხდებოდა გამოტეხილიყო და ეღიარებინა ის, რაშიც ადანაშაულებდნენ. როგორც კი ძაღლის შემწვარი ღვიძლი გამოიწვევდა მასში გულისრევას, ხალხი რწმუნდებოდა, რომ კუდიანობაში ბრალდებული ამოანთხევდა მთელ ბოროტებას, რომელიც მასში იყო დამალული. როცა ამ სახით დამნაშავეში მოსპობდნენ ჯადოსნობის უნარს, კუდიანს აფიცებდნენ, რომ ის სამუდამოდ გაწყვეტდა კავშირს უდებთან და მას ათავისუფლებდნენ.
ლ. ლიულეს ცნობით, XIX საუკუნის 30-იან წლებში ჩერქეზეთში კუდიანების დევნა კვლავ გრძელდებოდა. მეცნიერის ჩერქეზეთში მოგზაურობის დროს ჯერ კიდევ ტარდებოდა ე. წ. „საინკვიზიციო პროცესები“ კუდიანთა გამოსავლენად. ლ. ლიულე წერს:
“1836 წელს, როდესაც ეკატერინოდარში ვიმყოფებოდი, გავიგე, რომ ხამიშელების მეზობლად მცხოვრები ხალხი, რომელთა აულებიც კარგად მოჩანს ყუბანის გაღმიდან, შეშფოთებული იყვნენ სხვადასხვა დაავადების გაჩენით. ისინი სენის გავრცელებას კუდიანებს (უდებს) მიაწერდნენ. მათ მოიწვიეს ცისიუო და ეს საინკვიზაციო კომისია გადადიოდა აულიდან აულში დამნაშავეთა გამოსავლენად”.
კუდიანთა გამოსავლენად და გამოსატეხად ცისიუოს მსგავსი ინკვიზიტორის ცოდნას საქართველოშიც რომ იყენებდნენ, ჩანს კ. ბოროზდინის ნაშრომიდან, რომელიც 3KOИPГO-ს მე-7 ტომში 1866 წელს დაიბეჭდა. კუდიანებთან დაკავშირებით ის ერთ დრამატულ ისტორიას იხსენებს, რომელსაც XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, თურქეთთან ომის შემდეგ (ავტორი უნდა გულისხმობდეს ალბათ რუსეთ-ოსმალეთის 1853-1856 წწ ომს), სამეგრელოში ჰქონია ადგილი. ზუგდიდის მახლობელ სოფლებში საქონლის ეპიდემია გავრცელებულა. პირუტყვის მასობრივ განადგურებაში ადგილობრივ მოსახლეობას კუდიანებზე მიუტანია ეჭვი. მათ სამურზაყანოდან ვიღაც თურქი მოუწვევიათ, რომელიც განთქმული ყოფილა კუდიანების გამოვლენაში. თურქს მოხუცი ქალების მოქუჩება და მათი წყალში ჩაყრა მოუთხოვია. ის ქალები, რომლებიც წყალში ჩაძირულან, თურქს უდანაშაულოდ უცვნია და გაუშვია. მაგრამ ქალებს შორის აღმოჩენილა რამდენიმე უიღბლო დედაკაცი, რომლებიც, შეიძლება, კაბამ არ ჩაძირა წყალში და ისინი კუდიანებად უღიარებიათ. ამის შემდეგ, თურქის განკარგულებით, ქალები აუძულებიათ ორ უზარმაზარ კოცონს შორის წინ და უკან ერბინათ, სანამ არ აღიარებდნენ კუდიანობასა და მონაწილეობას საქონლის განადგურებაში. ამ წამების დროს ორი ქალი ცოცხლად დამწვარა. კ. ბოროზდინის ცნობით, „როცა ეს ამბავი სამეგრელოს ხელისუფლების ყურამდე მივიდა, მათ დიდი შრომა დასჭირდათ იმისათვის, რომ, ჯერ ერთი, შეეწყვიტათ ეს auto da fe და, მეორეც, მართლმსაჯულებისთვის გადაეცათ თურქი ავანტიურისტი, რომელსაც ხალხი არ თმობდა. საბოლოოდ ის წესისა და კანონის დაცვით ნერჩინსკში (ციმბირში) გააგზავნეს“. კუდიანთა გამოტეხის მსგავს სიტუაციას აღწერს მ. მაშურკოც. მისი ცნობით, 1853 თუ 1854 წელს ჯიხაიშსა და მთელ მის შემოგარენს საშინელი შიმშილი და მოუსავლიანობა დასტყდომია, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას კუდიანებისთვის დაუბრალებია. საერთო კრებაზე მათ პარაკლისის ჩატარების გადაწყვეტილება მიუღიათ. პარაკლისს კი ოთხი სოფლის – ჯიხაიშის, კულაშის, იანეთისა და ეცერის – მოსახლეობა უნდა დასწრებოდა. ორგანიზატორებს წინასწარ ისიც გამოუცხადებიათ, რომ ვინც პარაკლისს არ დაესწრებოდა, კუდიანად ჩაითვლებოდა. რადგან სხვადასხვა მიზეზით ბევრი ადამიანი წირვას ვერ დაესწრო, პატარა მდინარე გუბისწყალთან კიდევ ერთი შეკრების დღე დაუნიშნავთ. იქ უნდა მოეყვანათ ისინი, რომლებიც პარაკლისზე არ გამოცხადნენ. დანიშნულ დღეს დიდძალი ხალხი შეიკრიბა. იქ იყვნენ გლეხებიც, აზნაურებიც და თავადებიც. მ. მაშურკო დაწვრილებით აღწერს ეჭვმიტანილთა წყალში ჩაყრით კუდიანების გამოვლენის წესს:
მდინარეზე გადეს ორი მორი, რომლებზეც ორ-ორი კაცი დააყენეს. კუდიანობაში შემჩნეულებს შეუკრეს ხელები, მუხლებს ზემოთ გაუკრეს ფეხებიც. შემდეგ ჩააბეს თოკი და ჩაუშვეს წყალში. როგორც წესი, ვინც წყალში ჩაიძირა, ის გათავისუფლდა კუდიანობაში ბრალდებისგან. მაგრამ ისინი, რომლებიც წყლის ზედაპირზე გაჩერდნენ, კუდიანებად მიიჩნიეს. ასეთები კი, მ. მაშურკოს ცნობით, ნაპირზე გამოჰყავდათ და დაღავდნენ, ე. ი. სხეულის რბილ ნაწილზე გავარვარებულ ნალს ადებდნენ. მ. მაშურკო იმასაც აღნიშნავს, რომ იმ დროს რაჭის მაზრაში კვლავ სრულდებოდა კუდიანის დადაღვის ასეთივე ცერემონია, რომელსაც მოხუცები ხელმძღვანელობდნენ. კუდიანობაში ბრალდებულს ისინი გავარვარებული რკინას შუბლზე ადებდნენ.
ვ. ლომინაძეც ადასტურებს კუდიანობაში ბრალდებულის დადაღვის ფაქტებს. კუდიან ქალებს დაღავდნენ, რათა ყველას შეძლებოდა გარეგნული ნიშნით მათი ამოცნობა. მისივე ცნობით, ზოგიერთ მიგდებულ და მიყრუებულ სოფელში ამ არაადამიანურ ღონისძიებას ისევ მიმართავდნენ.
ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალა კუდიანთა გამოსავლენად საქართველოს ზოგიერთ კუთხეში მტკიცედ დადგენილი და ჩამოყალიბებული წესების არსებობას ადასტურებს. დაკითხვისას, თუ ეჭვმიტანილი არ გამოტყდებოდა და არ აღიარებდა თავის კუდიანობას, მას აწამებდნენ ისე, როგორც თავის დროზე ინკვიზიციას ჰქონდა დაწესებული. აქედან გამომდინარე, ზ. კიკნაძე კუდიანის გამოტეხის ხალხში გავრცელებულ წეს-ჩვეულებას „ხალხურ ინკვიზიციას“ უწოდებს. მას საილუსტრაციოდ მოჰყავს ჯ. ნოღაიდელისა და მ. ნადარაიას ჩანაწერებში დაცული ცნობები კუდიანობაში ეჭვმიტანილის წამებით გამოტეხის შესახებ. ინკვიზიცია, პირველ რიგში, საზოგადოების დაკვეთას ასრულებდა. ამ საზოგადოებას სჯეროდა, რომ ნამდვილად არსებობდნენ კუდიანები, რომლებიც ათასგვარ ბოროტებას ჩადიოდნენ. შესაბამისად, კუდიანთა დევნა და წამება მათ უმაღლეს სამართლიანობად მიაჩნდათ. კუდიანების დევნამ ინკვიზიციის სახით ორგანიზებული სახე დასავლეთ ევროპაში მიიღო. არ ვიცით, საქართველოში ოფიციალურად ინკვიზიცია იყო თუ არა. ამის შესახებ ისტორიული ცნობები არ მოგვეპოვება. უნდა ვიფიქროთ, რომ ქართულ ხალხურ ტრადიციაში კუდიანთა დევნის სტრუქტურა შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებულ პრაქტიკას დაეფუძნა, რომელმაც მთელი ევროპა და მათ შორის საქართველოც მოიცვა.
წყარო: ლიგა