ტყის მეფე ქალი, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი, მომხიბლავი და მაცდური, დალივით ვდებიანი ქალღმერთი. ხალხური წარმოდგენით ოქროსთმიანი, ზოგჯერ შავთმიანი ღვთაებაა, რომელზეც მონადირის ბედ-იღბალია დამოკიდებული.
გადმოცემით, თუ ტყეში გზა აგებნათ, დიდი შანსია, ეს ტყის დედოფლის დამსახურება იყოს და მისი ხილვის საშუალებაც მოგეცეთ. და თუ ამავდროულად ახალგაზრდა და კარგი შესახედაობის მამაკაცი ხართ, ტყაშმაფა ყველანაირად ეცდება, ვნება გაგიღვიძოთ, შეგაცდინოთ. მერე ორივე ხელის თითებს გაშლის, რაც იმას ნიშნავს, რომ ათი წლით მასთან დარჩენას გთხოვთ. არ უნდა დაიბნეთ და ხმის ამოუღებლად ერთი თითი უნდა აჩვენოთ. მცირე ვაჭრობის შემდეგ ტყაშმაფა დაგთანხმდებათ და თქვენც მხოლოდ ერთი წლით ჩამოშორდებით აქტიურ ცხოვრებას.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა სცადოთ ტყის დედოფალთან დალაპარაკება, თორემ, დიდი ალბათობით, ჭკუაზე შეცდებით. თუ დათქმული ვადის შემდეგ სატრფოები მშვიდობიანად დაცილდნენ ერთმანეთს, ტყაშმაფა სიკეთითა და სიუხვით აჯილდოებს მამაკაცს.
თვითონ ტყაშმაფას ოჩოკოჩი (ტყის ვაცკაცი) დასდევს დასამორჩილებლად, მაგრამ იგი გაურბის და, როგორც წესი, ადამიანი ეხმარება ოჩოკოჩისგან თავის დაღწევაში.
ხანდახან ტყაშმაფა წყლის პირს შიშველი ზის, ვერცხლის სავარცხლით ივარცხნის კოჭებამდე ჩამოგრძელებულ თმებს. ვაი, იმ ცნობისმოყვარეს, ვინც ამ დროს უთვალთვალებს ტყის დედოფალს. თუ მან კაცს თვალი შეასწრო, გააგიჟებს.
სავარცხელი როგორც ალისთვის, ისე ტყაშმაფასთვის ძალიან ძვირფასია. მისი დაკარგვა აცოფებთ და სამუდამოდ აკარგვინებს მათ სიმშვიდეს. როგორც ჩანს, სავარცხელი იმავე მნიშვნელობისაა ამ არსებებისთვის, როგორც ქალღმერთ დალისთვის მისი თმა (ალი და ტყაშმაფაც გამოირჩევიან გრძელი და არაჩვეულებრივად ლამაზი თმებით). თმა, მითოლოგიური სიმბოლიკით, სიცოცხლის ძალის შემცველია.
ერთი მეგრული გადმოცემით, კაცმა წყლის პირას ნახა ტყაშმაფა, რომელმაც თმა დაივარცხნა და სავარცხელი ლოდის ქვეშ დამალა. კაცს მოეწონა იგი, მიეპარა, თმა ხელზე დაიხვია და მოჭრით დაემუქრა. შეშინებული ტყაშმაფა დაჰყვა მის ნებას და ცოლად გაჰყვა. ერთი ჩვევა კი ვერ მოიშალა: როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, კვირაში ორჯერ მაინც წავიდოდა იმ ხევში, თავს დაიბანდა, დაივარცხნიდა და წამოვიდოდა. სავარცხელს ისევ ლოდის ქვეშ მალავდა. ერთხელ ქმარმა მოიპარა ის სავარცხელი, რომ ცოლი ხევში აღარ წასულიყო. თავის დასაბანად მისულმა ტყაშმაფამ სავარცხელი რომ ვერ ნახა, საშინელი კივილი მორთო, მთელი ხევი გადააბრუნა. შემდეგ მივიდა სახლში, სამივე შვილს მოუყარა ერთად თავი. ერთი მამას მიუგდო, ერთი მხარზე გადაიგდო, მესამეს დააბიჯა ფეხი, შუაზე გახლიჩა, ნახევარი მამას მიუგდო, ნახევარი ზურგზე მოიკიდა. მობრუნდა, დასწყევლა: „არც ამოწყდი და არც მოშენდიო“ და ტყეს მისცა თავი.
,,ტყაშმაფას ძაღლების ეშინია! ტყაშმაფა მეც მინახავს, თეთრადაა მორთული, ციცინათელასავითაა, დასრიალებს. მე როცა ვნახე, ჭენჭყრობზე მიდიოდა. წყალი უყვარს.
ტყაშმაფა კაცს ჭკუიდან შეშლის. ჩემი ბიძაშვილი ყავს შეშლილი. ტყეში მიდიოდა თურმე, ტყაშმაფა დადევნებია და დაუძახია სახელი, მას ხმა არ გაუცია. სახლამდე მოჰყოლია. შეუშლია. ტყაშმაფას შეშლილი კაცი უბედურია. მერე არავის უჯერებს. მხოლოდ ტყაშმაფას ემორჩილება. ტყაშმაფამ უბედური წყევლა იცის. ჩემი ბიძაშვილი ტარიელივით კაცი იყო. დაწყევლა და დაღუპა ამით. დაუწყევლია: კაცობა წაგრთმეოდესო. მერე ცოლი არ შეურთავს, ისე გარდაიცვალა.
ტყაშმაფასთან ჩემი ბიძაშვილი ყოველთვის იქით დადიოდა. ზოგჯერ სახლშიაც მიაკითხავდა, ხოლმე, მაგრამ ტყაშმაფას ძაღლების ეშინია. როგორც კი ძაღლის ყეფას გაიგებს, გაიქცევა. ტყაშმაფა რომ მოვიდოდა, დაუძახებდა ჩემს ბიძაშვილს. ბევრჯერ დაუდარაჯდნენ, მაგრამ ვერ მოიხელთეს. იმის დაჭერა ხომ არ შეიძლება არასგზით.
ტყაშმაფა სიკვდილამდე აწვალებდა ჩემს ბიძაშვილს:” – ბარბარე მალანია