იბერიის სამეფოს უზენაესი წარმართული ღვთაება.
„ღმერთი ღმერთთა არმაზ…,
…ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი…”
არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი. მოქცევაჲ ქართლისაჲ-ში აღნიშნულია:
„აჰა, დგა კაციერთი სპილენძისაჲ და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ, და ჩაფხუტი ოქროჲსაჲ, და სამჴარნიესხნეს ფრცხილი და ბივრიტი, და ჴელსა მისსა აქუნდა ჴრმალი ლესული, რომელი ბრწყინვიდადა იქცევოდა ჴელსა შინა, რეცა თუ რომელი შეეხებინ, თავი თჳსი სიკუდიდ განიწიროს.“
კერპი მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.
სახელი ღვთაებისთვის ფარნავაზს საკუთარი სახელის მიხედვით შეურქმევია, რადგან მას „სპარსულად არმაზ ერქუა“ და პატივისცემა და სამსახური დაუწესებია ახლად აღმართული კერპისათვის. მეცნიერთა ერთი ნაწილი მას აჰურა მაზდასთან – სპარსულ უზენაეს ღვთაებასთან აკავშირებს, სხვები კი ხეთურ მთვარის ღვთაების სახელ „არმას“-თან. არმაზის სახელს აჰურამაზდასთან აკავშირებდა ივანე ჯავახიშვილი და წერდა: „არმაზის შესახებ ცნობებს რომ სპარსულ აჰურამაზდასთან სახელის მეტი საერთო არაფერი აქვს, ეს უცილობელია“. და იქვე, „მაზდეანობა რომ ერთ ხანს საქართველოშიც გავრცელებული იყო და მაშასადამე, აჰურამაზდა-არმაზის თაყვანისცემაც უნდა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში – ეს ცხადია“.
წმინდა ნინო მაშინდელ ქართველებს ასე ახასიათებს: „ვხედევდით, ცეცხლის მსახურსა მას ერსა და მოგვებსა და ცთომასა მათსა ზედა ვტიროდიო“.
არმაზობა შესაძლოა ყოფილიყო, როგორც უძრავი ისე მოძრავი დღესასწაული. მატეანე არმაზობის დღეს არ ასახელებს, მოხსენიებულია მხოლოდ არმაზის ბოლო დღესასწაულის დღე 19(6) აგვისტო.
თეიმურაზ ბატონიშვილი გამორიცხავს არმაზის კერპისადმი ადამიანების შეწირვის ფაქტს:
„კვალად ესეცა წერილ არს, ვითარმედ დაუკვლიდესო, რეცა მსხვერპლად კერპთა ქართლოსიანნი ძეთა და ასულთა თვისთა, ესეცა არა არს ჭეშმარიტ, ვინაიდგან უძველესნი ერნი ქართლოსიანთა არათუ ძეთა და ასულთა დაუკვლიდეს, არამედ პირველსა ჟამსა მხოლოდ შესაწირავი მათი იყო კერპთა მიმართ მფრინველთაგან წმინდათა, გარდა ქათმისა, ხილნი ფერად ფერადნი ახალნი და ძველნი, თაფლნი ახალნი გარდაუმდნარნი გოლეულთა, გამტკიცულნი პურნი შოთად გამომცხვარნი ფრიად წმიდათაგან იფქლთა, რომელსაცა სახელის-დება მისვე არმაზ ღუთად საგონებელსა აქვნდა. შოთთა არს არმაზ ღმერთისა სახელი, ხოლო შოთი პურისა მისდამი შეწირულისა: რეცა, იგი არს სახე მკლავისა კაცისა, რომელსაცა მოცემისათვის მკლავისა ძლიერებისა და ხრმლისა მკვეთელობისათვის შესწირვიდეს ღმერთთა. შესწირვიდეს ღვინოსა ახალსაცა და ძველსა, აღუნთებდეს სანთელთა დიდ-დიდთა შთამოსხმულთა ცვილთაგან, უკმევდეს წმიდათა და ფრიად სურნელთა საკმეველთა და შეამკობდეს ფერად-ფერადითა ყვავილებითა, ძროხათა და საცხოვართა არა დაუკვლიდეს პირველ; არამედ შემდგომად.“
ზურაბ კიკნაძე
***
არმაზი (ხეთური “არმა” – მთვარე) არის უზენაესი წარმართული ღმერთი ქართულ მითოლოგიაში მზისა და მთვარისა ან ზოგადად, დიდი ღმერთი, ცისა და მიწის სასტიკი მეუფე, ანთროპომორფული ღვთაება, რომლის განთქმული კერპი აღმართული იყო ქალაქ მცხეთის მთაზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს: “აჰა, დგა კაცი ერთი არმაზი სპილენძისა, ტანთ აცვია ჯაჭვი ოქროისა და ჩაფხუტი ოქროისა, სამხარნი ესხნეს ფრცხილი და ბივრიტი, ხელთა აქვნდა ხმალი ლესული, რომელი ბრწყინავდა და იქცეოდა ხელსა მისსა… ღმერთნი დიდთა ნაყოფთა მომცემელნი და სოფლის მპყრობელნი, მზის მომფენელნი და წვიმის მომცემნი, ქვეყნისა ნაყოფთა გამზრდელნი, ქართლისა არმაზ და ზადენ – ყოვლისა დაფარულისა გამომძიებელნი და ძველნი ღმერთნი მამათა ჩვენთანი.” (შატბერდის კრებული, X ს.).
ამ ჩინებულ აღწერაში არმაზის სიძველეც ჩანს და ძლიერებაც. ეკისრება მარსისა და დემეტრას ფუნქციებიც. რვალით და ოქროთი შეჯავშნული სასტიკი და კეთილი ღმერთი, ასეა დახასიათებული ლეონტი მროველის (XI ს.) შრომაში “მოქცევაი ქართლისაი”: “აქვნდა ხრმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვა და იქცეოდა ხელთა შინა. უკეთუ ვინმე შეეხებინ, თავი თვისი სიკვდილად განწირის” (ცხოვრება ქართ. მეფეთა.).
“მოქცევაი ქართლისაის” ეს აღწერილობანი მეტყველებს რწმენის ძალაზეც და ხელოვნების სიმაღლეზეც. არმაზის ციხეში შესული მონუსხულივით იდგა: “დავდეგ ახლოს კერპისა მის, ნაპრალსა ზღუდისასა და ვხედევდი საკვირველებათა და საშინელსა, რომელი თქუმად ენისა ვერ ეგების, ვითარ იგი იყო ზარის აღსახდელი შიშითა ძრწოლით მეფეთა მათ და ყოვლისა ერისა”.
მემატიანის ცნონით “ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახლსა ზედა თვისსა. ასევე არს არმაზი, თავსა ზედა ქართლისასა.” ქართლში არმაზის კულტი ფარნავაზმა დააკანონა ძვ.წ. მე-4 საუკუნიდან. 24 საუკუნის წინ, ხოლო რწმენა ამ ღმერთისადმი აღმოსავლეთ საქართველოში ბევრად უფრო ძველია. არმაზი შეუპოვრად ებრძოდა ქალდეველთა ღმერთს – ითრუჯანს. ეს ბრძოლა გაგრძელდა ქრისტიანობის იბერიაში (ქართლის სამეფოში) სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე ახ.წ. 326 წლამდე.
არმაზის კერპი შექმნა ფარნავაზმა, “რამეთუ ფარნავაზს სპასულად არმაზ ერქუა” (მოქცევაი ქართლისაი). ეს იყო ღვთაების სიმბოლო. არმაზის ციხე (ბაგინეთი) ძვ.წ. მე-4 საუკუნეში უკვე ძლიერი კოშკებიანი ბურჯი იყო. ეს დიდებული ციხე ძვ.წ. 65 წელს პომპეუსმა (გნეუს პომპეუს მაგნუსი – ცნობილი რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი) დაანგრია.
ერთ დროს ბგერითი მსგავსებისა და ზოგი ნიშნის მიხედვით არმაზი, იგივე ორმუზდი აჰურამაზდა ეგონათ. ეს შეხედულება გააბათილეს ო. ვეზენდოკმა, მიხეილ წერეთელმა, ივანე ჯავახიშვილმა. ხეთური წარმომავლობის მიუხედავად, ეს “ღმერთთა ღმერთი” ძალზე ორიგინალური, ძლიერი ღვთაებაა ქართლის (იბერიის) სამეფოში და თუ უცხოეთის ენციკლოპედიებში არ შეაქვთ, მხოლოდ საკითხის ცოდნის ნაკლებობით აიხსნება, მით უმეტეს, რომ მას ლათინებიც ახსენებენ არმოზიკეს სახელით, პლიმიუსი ჰარმასტს უწოდებდა, ხოლო პტოლემეოსი – არმაკტიკას.
ასეთ ძლიერ ღმერთთან ბრძოლა ურთულესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ წმინდა ნინომ, როგორც ქართლის ქრონიკები მოგვითხრობენ, ის ქრისტეს ძალით დალეწა. სინამდვილეში კი ისინი დალეწილნი იქნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებით და სამწუხაროდ ხელოვნების მრავალი ფასდაუდებელი ქმნილება ბარბაროსულად იქნა განადგურებული. ძეგლად კი დარჩა მხოლოდ ამბავი, სახელი და მცხეთის არმაზის არქიტექტურული ანსამბლი, 15 კილომეტრში მცხეთიდან, არმაზისხევში (1150-78), აგრეთვე ქსნის წმინდა გიორგის ეკლესია.
აღნიშნულ ღმერთთან ბრძოლას ის აძნელებდა, რომ ძველი, იბერიელთათვის შესისხლხორცებული ღვთაება გახლდათ არმაზი გაცთან და გასთან ერთად – “ძლიერნი ღმერთნი მამათა ჩუენთა”. ფარნავაზის წინამორბედმა ქართლის მეფემ – აზომ აღმართა დედაქალაქ მცხეთაში გაცის და გას კერპები. გაცი “კაცის” შესატყვისი უნდა იყოს, მით უფრო, რომ მემატიანე არმაზსაც კაცს უწოდებს. ასეა ექვთიმე მთაწმინდელთან. ქალდეველთა მითოლოგიაში ღმერთი სამობითაა: მამა, ძე და დედა (შეად. ქრისტიანული სამება “მამა, ძე და სულიწმინდა”). არმაზი აღმართა აზოს შემდგომმა მეფემ – ფარნავაზმა, რომლის სახელსაც მზეს უკავშირებენ: ფარნა – ბაზ, ასევე უკავშირებენ არმაზს (“მაზ” ნიშნავს მზეს). ხეთური ეტიმოლოგია ამ აზრს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, რადგან ლენორმანისა და სხვა სწავლულთა კვლევის შემდეგ ნათელია, რომ ქართულისგან დამოუკიდებლად შეუძლებელია ხეთურის, ურარტუს და შუმერული ენის გაგება – საერთო ძირებია.
დიდებული არმაზის მთაზე, მისი კერპის მარჯვნივ, იბერიელებს გაცის ოქროს კერპი აღემართათ, მარცხნივ ვერცხლისა – გას ბრწყინვალე ქანდაკი (სავარაუდოდ გაცის ცოლის, ქართული ქალღმერთის გამოსახულება). იქვე ჩადიოდა ალმასის წყარო. მატიანე ერთად ჩამთვლის დიოს (ზევსს), აპოლონს, არტემიდეს, ბოჩს, გეონსა და არმაზს – მზის ღმერთს, დამსჯელს, რომელიც ადამიანებს ათბობს და აცოცხლებს, მაგრამ მუსრავს კიდეც ვინც იმსახურებს.
როცა ნანა დედოფალი, მეფე მირიანი და მთელი ერი საყვირთა ქუხილში არმაზის მთაზე გამოვიდა, ნინოც წავიდა არმაზის სანახავად, შიდაციხეს გაუსწორდა, ზღუდის ნაპრალთან დადგა და დიდხანს შესცქეროდა “საკვირველსა და საშინელს”. მოწიწებით ქედმოხრილი ქართველები ეთაყვანებოდნენ არმაზს მისი კერპის წინ. “როგორც კი ნინომ ვაზის ჯვრის ნიში აღმართა “მეყსეულად მას ჟამსა დაეცნის ყოველნი კერპნი, რომელნი იქმნეს საზღვარსა ქართლისასა და შეიმუსრნეს” (მოქცევაი ქართლისაი). სინამდვილეში თავისით არ განადგურებულა არცერთი კერპი. მოხდა უდიდესი ბარბაროსობა კაცობრიობის ისტორიაში და განადგურებული იქნა უდიდესი ქართული წარმართული კულტურა, უამრავი ძეგლი (კერპებად წოდებული) და “წარმართული” (ძველი ქართული რელიგიის სააღმსარებლო) ტაძარი მთელი სამეფოს მასშტაბით სახელმწიფოს მესვეურთა მიერ. ბევრი წარმართული ტაძარი კი უბრალოდ გადაკეთდა ქრისტიანულ ტაძრებად ან დაინგრა და მათ ადგილას აშენდა ქრისტიანული ტაძრები, ზოგგან კი ქრისტიანული ტაძრები არც აშენდა მათ ადგილას და უბრალოდ დაანგრიეს.
არმაზის მიწაში აღმოჩენილია მთელი საგანძური: სასაფეთქლეები (V-VI სს.), ოქროს ყელსაბამები, სამაჯურები, ჯიხვის, ცხვრისა და ცხენის სახეებიანი სამკაულები, პიტიახშის ცოლის, სერაფიტას გულსაკიდები, ზურმუხტისა და ფირუზით გაწყობილი ბეჭდები, ვერცხლის ჭურჭელი, სასმისები, ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშები. ყოველივე ეს მეტყველებს წარმართული კოლხური და იბერიული კულტურის სიმაღლეზე, სრულად ამართლებს მითებში აღწერილ ამბებს.
საგულისხმოა ასეთ კერპთა არსებობაც და მათი მითიური სარჩულიც. გაც – მამაკაცია, გა – ქალი, ე.ი. დედამიწა (სვანურად გიმ, ბერძნულად გე). აქ უდავოდ იგულისხმება ისევ ცა და მიწა – ურანოსისა და გეას ქართული შესატყვისები. ღმერთი გაცი – კაცია. გა ქალღვთაებაა, დაახლოებით იმავე ფუნქციისა, რაც პირველ ხანებში ჰქონდა ფინიკიურ ასტარტას. არმაზი კი ქართლის ხთონური ღმერთთა ღმერთია. ნაკლებადაა გამოკვეთილი გეონის სახე, მაგრამ აშკარაა მისი კავშირი გეა – გიმთან.
აკაკი გელოვანი