ქართული დემონოლოგიური გადმოცემების უაღრესად აქტიურ პერსონაჟს წარმოადგენს კატა, რომელიც უწმინდურ ცხოველად მიაჩნდათ და მისი დემონიზაცია, როგორც ჩანს, დასავლეთ ევროპული ტრადიციიდან მომდინარეობს. XIII საუკუნის შუა წლების ცნობილი ფრანცისკანელი ბერის ბერთოლდ რეგენსბურგელის ქადაგების მიხედვით, შავი ჭირის ეპიდემია ქვეყანაში კატის ამოსუნთქვით ვრცელდებოდა. ღამეული სეირნობის, უხმაურო გადაადგილებისა და სიბნელეში მანათობელი თვალების გამო, შუა საუკუნეების ევროპაში კატა უწმინდური ძალების განსახიერებად, კუდიანების თანაშემწედ და ჯოჯოხეთის ნაშიერად გამოაცხადეს. განსაკუთრებით შავი დღე დაატყდათ შავ კატებს, რადგან ევროპაში დემონური ძალების მიმართ შიშით შეპყრობილი ადამიანები მათ მასობრივად ანადგურებდნენ. კატებზე ნადირობამ თავის აპოგეას XVI-XVII საუკუნეებში მიაღწია. საკმარისი იყო ვინმეს კატა ჰყოლოდა, რომ მას მაშინვე კუდიანობაში დაადანაშაულებდნენ.
ფშაური გადმოცემების მიხედვით, ზურაბ არაგვის ერისთავმა ლაშარის ჯვრის წმინდა ხის მოსაჭრელად კატის სისხლი გამოიყენა. თორმეტიდან ერთ-ერთი თემის ხევისბერმა სასტიკ ერისთავს გაანდო საიდუმლო, რომ თუ მას ლაშარის მუხის მოჭრა სურდა, მის ძირში კატა უნდა დაეკლა. სხვანაირად ერისთავი ვერ შეძლებდა „ბერმუხის“ – ფშავის უმთავრესი სიწმინდისა და ერთიანობის სიმბოლოს — ხელყოფას, რომლის მოჭრაზეც იყო დამოკიდებული ამ კუთხის დამორჩილება. ხევსურული სიმღერის მიხედვით, იმავე ხერხს მიმართა არაგვის ერისთავმა ხევსურეთის უმთავრესი საკულტო სიწმინდის – ხმალას ალვის ხის მოსაჭრელად. როგორც წესი, ყოველწლიურად კულტმსახური კურატისა და ცხვრის სისხლით თავისებურად ნათლავდა წმინდა ადგილს და ამ სახით, რიტუალურად ახდენდა საკრალურის ყოველწლიურ განახლებას. ზურაბ ერისთავი კი ჩადის წმინდა ქმედების საპირისპირო საქციელს. ის კატას იყენებს, როგორც ანტიმსხვერპლს, წმინდა მსხვერპლის, კურატისა და ცხვრის ნაცვლად. ამ საშუალებით მან მიზანს მიაღწია, რადგან შებღალა სიწმინდე და მოახდინა სიწმინდის დესაკრალიზება. ერთი ხევსურული ანდრეზის მიხედვით, ჯვრის თას-განძი მპარავს ცეცხლით უკუაგდებს. მაგრამ მპარავმა განძის დაუფლება მას შემდეგ მოახერხა, როცა კატა დაკლა და მისი სისხლი თას-განძს მოასხა. როგორც ზ. კიკნაძე მიუთითებს, ამ საქციელით მპარავი მტრობს, უარყოფს ჯვარს და ეზიარება ეშმაკეულ ძალას. ის უარს ამბობს ადამიანობაზე და დევურ სამსახურში დგება, რადგან ჯვრისა და თავის თავში ადამიანურის უარყოფის გარეშე ის ვერ ჩაიგდებდა ხელში ჯვრის განძს.
გადმოცემების მიხედვით, კატის სახე ღამით შეუძლია მიიღოს იმ ადამიანმა, რომელსაც ეშმაკისთვის სული აქვს მიყიდული. ტრადიციის თანახმად, ავსულები წელიწადის ერთ კონკრეტულ ღამეს განსაკუთრებით აქტიურდებოდნენ, რადგან ისინი იმ ღამეს საიდუმლო ადგილზე ერთად იკრიბებოდნენ და ათას სისაძაგლეს ჩადიოდნენ. ხალხი მას კუდიანების ღამეს უწოდებდა.
ათრევის ხეობის სოფელ ველებში 2015 წელს ხვთისო მამისიმედიშვილმა მთხრობელისგან ჩაიწერა გადმოცემა, რომლის მიხედვით, კუდიანი ქალი, მეტსახელად ქორსმაძავაგი, ახალი წლის ღამეს კატის სახით გადადიოდა მეზობლებთან. თანასოფლელებს ბოლოს გაუგიათ, თუ ვინ იყო ის ქალი, რომელიც ღამით კატის სახით დაძრწოდა. ქორსმაძავაგის მთელ სოფელს ეშინოდა, რადგან ვის ოჯახშიც ის შევიდოდა, ყველა ავად ხდებოდა. ერთხელაც ეს კატა მეზობლის ე. წ. „საქორწილე“ ბიჭს დაუჭერია და უცემია. გაგონილი ჰქონიათ, რომ თუ იმ კატას დაიჭერდნენ და სცემდნენ, ის კუდიანი ქალიც ავად გახდებოდა. მართლაც, კატის ცემის შემდეგ ქორსმაძავაგი ლოგინად ჩავარდნილა და მეზობლებს იმ „საქორწილე“ ბიჭის მოყვანას ეხვეწებოდა. თუმცა, მთხრობელის განმარტებით, მეზობლის ქალებს კატის დამჭერი ვაჟი ქორსმაძავაგთან აღარ მიუშვიათ, რადგან, მათი წარმოდგენით, ბიჭი იქ რომ მისულიყო, ქალი მას ავად გახდიდა, ან სხვა რამე უბედურებას დამართებდა. აღსანიშნავია, რომ ოსურ ენაში ქორსმაძავაგის სემანტიკა შეიცავს გარყვნილებისა და უზნეობის კონოტაციას, რომელიც ასევე მიეწერებოდათ კუდიანებს.
ხალხურ ტექსტებში კუდიანის ერთ-ერთ განუყრელ ატრიბუტს თითისტარი წარმოადგენს, რომელზეც ის ბაწარს ართავს. საჩეჩელზე დამუშავებული მატყლის თითისტარზე ბაწრად გარდაქმნა გულისხმობს ერთი საგნის მეორე საგნად გადაქცევას და, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ დაუკავშირდა ეს პროცესი მაქცია კუდიანებს. სოფელ პერევში ჩაწერილი გადმოცემა მოგვითხრობს კუდიანზე, რომელმაც სიკვდილის შემდეგაც არ მოასვენა ოჯახი. დაზარალებულს ურჩიეს, რომ მისი საფლავი გაეთხარა და კუდიანის ცხედარი ენახა. „ვაჟმა, მართლაც, გათხარა საფლავი და თურმე იქ კატად გადაქცეული კუდიანი იჯდა და თითისტარზე ბაწარს ართავდა. კუდიანთა მაქცია ბუნებას უკავშირდება წისქვილიც, სადაც მარცვლეული გარდაიქმნება ფქვილად და საწნახელიც, რომლითაც, ზოგიერთი ხალხური ტექსტის მიხედვით, კუდიანები ავსულთა შეკრებაზე მიემგზავრებოდნენ. საწნახელშიც ერთი სახის საგანი, მეორე სახის საგნად გარდაიქმნება, ყურძენი წვენად, მაჭრად და ბოლოს ღვინოდ გადაიქცევა.
ალექსი ოჩიაურის ცნობით, ხალხი ავსულთა შეკრების ღამეს შავი კატის მიმართ განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა. თუ ვინმეზე ეჭვი ეპარებოდათ – კუდიანიაო, კუდიან-ღამეს ყარაულობდნენ, რადგან იგი აუცილებლად შავ კატად გადაიქცეოდა და სადღაც გადაიკარგებოდა, გათენებისას კი ისევ სახლში ბრუნდებოდა, შეძვრებოდა შინ და კვლავ ადამიანის სახეს იღებდა.
ხალხს მიაჩნდა, რომ კუდიანები განსაკუთრებულ ძალას ავსულთა შეკრების ღამეს იღებდნენ, როდესაც შავი კატის სახით დაძრწოდნენ და ადამიანებზე ნადირობდნენ. ა. ცანავას მოჰყავს მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ერთი ფოლკლორული ჩანაწერი: „დ. ჯანჯღავას გადმოცემით, მისი ინფორმატორი ივანე ჯოჯუა ირწმუნებოდა, რომ მის მეუღლეს ჭეჭეთობა ღამეს რაღაცა ახრჩობდა. როცა ჭრაქი აანთო, დაინახა, რომ მეუღლეს გულზე კატა აჯდა. ივანეს ეს კატა დაუჭერია და სახე ცეცხლით შეუტრუსავს… მეორე დღეს დაკვირვებია საეჭვო ქალებს და ერთი მეზობლის ქალი უნახავს, თურმე, სახეშეხვეული“. ხალხური წარმოდგენების მიხედვით, დაზარალებული სხეულის რა ნაწილსაც დაუსახიჩრებდა კატად ქცეულ ავსულს, იმ ადგილზე კუდიანს უეჭველად აღმოაჩნდებოდა ნიშანი, როდესაც ის კვლავ ქალის სახეს მიიღებდა. გადმოცემების მიხედვით, ხალხს განსაკუთრებით უცხო კატის ეშინოდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ უბედურების მოსავლენად მისი სახით კუდიანი ესტუმრათ. მ. მაშურკოს კუდიანებთან დაკავშირებით მოჰყავს ერთი ისტორია, რომელიც მას ტფილისის თუ ქუთაისის გუბერნიაში მოუსმენია:
ერთ სახლს უცხო შავი კატა შესჩვევია და თურმე ყოველ ღამით სტუმრობდა. კატას იმ ოჯახის სამივე შვილი გაუგუდავს. ერთხელაც, როცა ოჯახის უფროსს უკვე ეძინა, კატა ფრთხილად შესულა ოთახში და მამაკაცის საწოლის ქვეშ მოკალათებულა. კაცს გაღვიძებია, შეუმჩნევია „საშიში მტერი“, იმ წამსვე კატისთვის ფეხში ხელი წაუვლია და ცხელ თონეში ჩაუგდია. თუმცა კატას მხოლოდ თათები დასწვია. მეორე დღეს კაცს მეზობლად დაუნახავს ხელფეხდამწვარი დედაბერი და მაშინვე ეჭვი გასჩენია, რომ ის ქალი კუდიანი უნდა ყოფილიყო, რომელიც ღამით ბოროტების ჩასადენად შავი კატის სახეს იღებდა. მსგავსი წარმოდგენა, შავი კატის სახით მოსიარულე კუდიანის შესახებ, როგორც ჩანს, მთელ კავკასიაში ყოფილა გავრცელებული. ალექსი ოჩიაურის ცნობით, ფშავში „შავ კატას თუ ხელში ჩაიგდებდნენ, პირისახეზე გავარვარებული რკინით დაღს ადებდნენ, – ადამიანად რომ იქცევა, დადაღული კარგად შეეტყობა სახეზეო. ერთი ასეთი ციცა დაუდაღავთ და რომელ დედაკაცზეც ეჭვი ჰქონდათ, მეორე დღეს სახეშეხვეული გამოსულა, დაიჭირეს თურმე, შეხსნეს შეხვეული და ლოყებზე ისეთივე დადაღული აღმოაჩნდა, როგორი დამღაც შავ კატას დაადეს“.
აფხაზურ გადმოცემაში კატისთვის სახის დადაღვას თვალის გამოთხრა ენაცვლება. ზეპირ ისტორიაში, რომელსაც ს. ზუხბა თავის „აფხაზურ ზეპირსიტყვიერებაში“ წარმოგვიდგენს, „კუდიანი“ ისჯება კატისთვის დამახასიათებელი ისეთი ბუნებრივი და ჩვეულებრივი საქციელისთვის, როგორიც ქურდობაა. ერთ კაცს თურმე შავი კატა შებოლილ ხორცს ჰპარავდა. სახლის პატრონს, როდესაც მოთმინების ფიალა ავსებია, კატისთვის თოფი რამდენჯერმე უსვრია, თუმცა მხოლოდ ბოლო ცდაზე მოურტყამს და ცალი თვალი გამოუთხრია. მეორე დილით ხალხი მეზობელი ქალის კივილს გაუღვიძებია. ყველას დაუნახავს მისი გამოთხრილი თვალი. ამით მიხვედრილან, რომ ის ქალი უწმინდური იყო, კატის სახით დაძრწოდა და შებოლილ ლორს იპარავდა. თვალის გამომთხრელს კი, მთხრობელის ცნობით, იმის შემდეგ ხორცი აღარ დაჰკლებია.
რადგან ავსულების მოქმედება სახლში შეუმჩნეველი არ რჩებოდა და დაზარალებულები მათ სასტიკად სჯიდნენ, კუდიანებს შერჩეული ჰქონდათ ხელსაყრელი ადგილი, სადაც უფრო თავისუფლად შეძლებდნენ მაქციობასა და თავიანთი ბოროტი ზრახვების აღსრულებას. ეს ადგილი, გადმოცემების მიხედვით, იყო ტრიალი მინდორი, საიდუმლო მთა, წისქვილი, მისი შემოგარენი და სხვა.
წყარო: ლიგა