არმაზი

იბერიის სამეფოს უზენაესი წარმართული ღვთაება.

„ღმერთი ღმერთთა არმაზ…,

…ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი…”

არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი. მოქცევაჲ ქართლისაჲ-ში აღნიშნულია:

„აჰა, დგა კაციერთი სპილენძისაჲ და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ, და ჩაფხუტი ოქროჲსაჲ, და სამჴარნიესხნეს ფრცხილი და ბივრიტი, და ჴელსა მისსა აქუნდა ჴრმალი ლესული, რომელი ბრწყინვიდადა იქცევოდა ჴელსა შინა, რეცა თუ რომელი შეეხებინ, თავი თჳსი სიკუდიდ განიწიროს.“

კერპი მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.

სახელი ღვთაებისთვის ფარნავაზს საკუთარი სახელის მიხედვით შეურქმევია, რადგან მას „სპარსულად არმაზ ერქუა“ და პატივისცემა და სამსახური დაუწესებია ახლად აღმართული კერპისათვის. მეცნიერთა ერთი ნაწილი მას აჰურა მაზდასთან – სპარსულ უზენაეს ღვთაებასთან აკავშირებს, სხვები კი ხეთურ მთვარის ღვთაების სახელ „არმას“-თან. არმაზის სახელს აჰურამაზდასთან აკავშირებდა ივანე ჯავახიშვილი და წერდა: „არმაზის შესახებ ცნობებს რომ სპარსულ აჰურამაზდასთან სახელის მეტი საერთო არაფერი აქვს, ეს უცილობელია“. და იქვე, „მაზდეანობა რომ ერთ ხანს საქართველოშიც გავრცელებული იყო და მაშასადამე, აჰურამაზდა-არმაზის თაყვანისცემაც უნდა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში – ეს ცხადია“.

წმინდა ნინო მაშინდელ ქართველებს ასე ახასიათებს: „ვხედევდით, ცეცხლის მსახურსა მას ერსა და მოგვებსა და ცთომასა მათსა ზედა ვტიროდიო“.

არმაზობა შესაძლოა ყოფილიყო, როგორც უძრავი ისე მოძრავი დღესასწაული. მატეანე არმაზობის დღეს არ ასახელებს, მოხსენიებულია მხოლოდ არმაზის ბოლო დღესასწაულის დღე 19(6) აგვისტო.

თეიმურაზ ბატონიშვილი გამორიცხავს არმაზის კერპისადმი ადამიანების შეწირვის ფაქტს:

„კვალად ესეცა წერილ არს, ვითარმედ დაუკვლიდესო, რეცა მსხვერპლად კერპთა ქართლოსიანნი ძეთა და ასულთა თვისთა, ესეცა არა არს ჭეშმარიტ, ვინაიდგან უძველესნი ერნი ქართლოსიანთა არათუ ძეთა და ასულთა დაუკვლიდეს, არამედ პირველსა ჟამსა მხოლოდ შესაწირავი მათი იყო კერპთა მიმართ მფრინველთაგან წმინდათა, გარდა ქათმისა, ხილნი ფერად ფერადნი ახალნი და ძველნი, თაფლნი ახალნი გარდაუმდნარნი გოლეულთა, გამტკიცულნი პურნი შოთად გამომცხვარნი ფრიად წმიდათაგან იფქლთა, რომელსაცა სახელის-დება მისვე არმაზ ღუთად საგონებელსა აქვნდა. შოთთა არს არმაზ ღმერთისა სახელი, ხოლო შოთი პურისა მისდამი შეწირულისა: რეცა, იგი არს სახე მკლავისა კაცისა, რომელსაცა მოცემისათვის მკლავისა ძლიერებისა და ხრმლისა მკვეთელობისათვის შესწირვიდეს ღმერთთა. შესწირვიდეს ღვინოსა ახალსაცა და ძველსა, აღუნთებდეს სანთელთა დიდ-დიდთა შთამოსხმულთა ცვილთაგან, უკმევდეს წმიდათა და ფრიად სურნელთა საკმეველთა და შეამკობდეს ფერად-ფერადითა ყვავილებითა, ძროხათა და საცხოვართა არა დაუკვლიდეს პირველ; არამედ შემდგომად.“

ზურაბ კიკნაძე

***

არმაზი (ხეთური “არმა” – მთვარე) არის უზენაესი წარმართული ღმერთი ქართულ მითოლოგიაში მზისა და მთვარისა ან ზოგადად, დიდი ღმერთი, ცისა და მიწის სასტიკი მეუფე, ანთროპომორფული ღვთაება, რომლის განთქმული კერპი აღმართული იყო ქალაქ მცხეთის მთაზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს: “აჰა, დგა კაცი ერთი არმაზი სპილენძისა, ტანთ აცვია ჯაჭვი ოქროისა და ჩაფხუტი ოქროისა, სამხარნი ესხნეს ფრცხილი და ბივრიტი, ხელთა აქვნდა ხმალი ლესული, რომელი ბრწყინავდა და იქცეოდა ხელსა მისსა… ღმერთნი დიდთა ნაყოფთა მომცემელნი და სოფლის მპყრობელნი, მზის მომფენელნი და წვიმის მომცემნი, ქვეყნისა ნაყოფთა გამზრდელნი, ქართლისა არმაზ და ზადენ – ყოვლისა დაფარულისა გამომძიებელნი და ძველნი ღმერთნი მამათა ჩვენთანი.” (შატბერდის კრებული, X ს.).

ამ ჩინებულ აღწერაში არმაზის სიძველეც ჩანს და ძლიერებაც. ეკისრება მარსისა და დემეტრას ფუნქციებიც. რვალით და ოქროთი შეჯავშნული სასტიკი და კეთილი ღმერთი, ასეა დახასიათებული ლეონტი მროველის (XI ს.) შრომაში “მოქცევაი ქართლისაი”: “აქვნდა ხრმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვა და იქცეოდა ხელთა შინა. უკეთუ ვინმე შეეხებინ, თავი თვისი სიკვდილად განწირის” (ცხოვრება ქართ. მეფეთა.).

“მოქცევაი ქართლისაის” ეს აღწერილობანი მეტყველებს რწმენის ძალაზეც და ხელოვნების სიმაღლეზეც. არმაზის ციხეში შესული მონუსხულივით იდგა: “დავდეგ ახლოს კერპისა მის, ნაპრალსა ზღუდისასა და ვხედევდი საკვირველებათა და საშინელსა, რომელი თქუმად ენისა ვერ ეგების, ვითარ იგი იყო ზარის აღსახდელი შიშითა ძრწოლით მეფეთა მათ და ყოვლისა ერისა”.

მემატიანის ცნონით “ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახლსა ზედა თვისსა. ასევე არს არმაზი, თავსა ზედა ქართლისასა.” ქართლში არმაზის კულტი ფარნავაზმა დააკანონა ძვ.წ. მე-4 საუკუნიდან. 24 საუკუნის წინ, ხოლო რწმენა ამ ღმერთისადმი აღმოსავლეთ საქართველოში ბევრად უფრო ძველია. არმაზი შეუპოვრად ებრძოდა ქალდეველთა ღმერთს – ითრუჯანს. ეს ბრძოლა გაგრძელდა ქრისტიანობის იბერიაში (ქართლის სამეფოში) სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე ახ.წ. 326 წლამდე.

არმაზის კერპი შექმნა ფარნავაზმა, “რამეთუ ფარნავაზს სპასულად არმაზ ერქუა” (მოქცევაი ქართლისაი). ეს იყო ღვთაების სიმბოლო. არმაზის ციხე (ბაგინეთი) ძვ.წ. მე-4 საუკუნეში უკვე ძლიერი კოშკებიანი ბურჯი იყო. ეს დიდებული ციხე ძვ.წ. 65 წელს პომპეუსმა (გნეუს პომპეუს მაგნუსი – ცნობილი რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი) დაანგრია.

ერთ დროს ბგერითი მსგავსებისა და ზოგი ნიშნის მიხედვით არმაზი, იგივე ორმუზდი აჰურამაზდა ეგონათ. ეს შეხედულება გააბათილეს ო. ვეზენდოკმა, მიხეილ წერეთელმა, ივანე ჯავახიშვილმა. ხეთური წარმომავლობის მიუხედავად, ეს “ღმერთთა ღმერთი” ძალზე ორიგინალური, ძლიერი ღვთაებაა ქართლის (იბერიის) სამეფოში და თუ უცხოეთის ენციკლოპედიებში არ შეაქვთ, მხოლოდ საკითხის ცოდნის ნაკლებობით აიხსნება, მით უმეტეს, რომ მას ლათინებიც ახსენებენ არმოზიკეს სახელით, პლიმიუსი ჰარმასტს უწოდებდა, ხოლო პტოლემეოსი – არმაკტიკას.

ასეთ ძლიერ ღმერთთან ბრძოლა ურთულესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ წმინდა ნინომ, როგორც ქართლის ქრონიკები მოგვითხრობენ, ის ქრისტეს ძალით დალეწა. სინამდვილეში კი ისინი დალეწილნი იქნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებით და სამწუხაროდ ხელოვნების მრავალი ფასდაუდებელი ქმნილება ბარბაროსულად იქნა განადგურებული. ძეგლად კი დარჩა მხოლოდ ამბავი, სახელი და მცხეთის არმაზის არქიტექტურული ანსამბლი, 15 კილომეტრში მცხეთიდან, არმაზისხევში (1150-78), აგრეთვე ქსნის წმინდა გიორგის ეკლესია.

აღნიშნულ ღმერთთან ბრძოლას ის აძნელებდა, რომ ძველი, იბერიელთათვის შესისხლხორცებული ღვთაება გახლდათ არმაზი გაცთან და გასთან ერთად – “ძლიერნი ღმერთნი მამათა ჩუენთა”. ფარნავაზის წინამორბედმა ქართლის მეფემ – აზომ აღმართა დედაქალაქ მცხეთაში გაცის და გას კერპები. გაცი “კაცის” შესატყვისი უნდა იყოს, მით უფრო, რომ მემატიანე არმაზსაც კაცს უწოდებს. ასეა ექვთიმე მთაწმინდელთან. ქალდეველთა მითოლოგიაში ღმერთი სამობითაა: მამა, ძე და დედა (შეად. ქრისტიანული სამება “მამა, ძე და სულიწმინდა”). არმაზი აღმართა აზოს შემდგომმა მეფემ – ფარნავაზმა, რომლის სახელსაც მზეს უკავშირებენ: ფარნა – ბაზ, ასევე უკავშირებენ არმაზს (“მაზ” ნიშნავს მზეს). ხეთური ეტიმოლოგია ამ აზრს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, რადგან ლენორმანისა და სხვა სწავლულთა კვლევის შემდეგ ნათელია, რომ ქართულისგან დამოუკიდებლად შეუძლებელია ხეთურის, ურარტუს და შუმერული ენის გაგება – საერთო ძირებია.

დიდებული არმაზის მთაზე, მისი კერპის მარჯვნივ, იბერიელებს გაცის ოქროს კერპი აღემართათ, მარცხნივ ვერცხლისა – გას ბრწყინვალე ქანდაკი (სავარაუდოდ გაცის ცოლის, ქართული ქალღმერთის გამოსახულება). იქვე ჩადიოდა ალმასის წყარო. მატიანე ერთად ჩამთვლის დიოს (ზევსს), აპოლონს, არტემიდეს, ბოჩს, გეონსა და არმაზს – მზის ღმერთს, დამსჯელს, რომელიც ადამიანებს ათბობს და აცოცხლებს, მაგრამ მუსრავს კიდეც ვინც იმსახურებს.

როცა ნანა დედოფალი, მეფე მირიანი და მთელი ერი საყვირთა ქუხილში არმაზის მთაზე გამოვიდა, ნინოც წავიდა არმაზის სანახავად, შიდაციხეს გაუსწორდა, ზღუდის ნაპრალთან დადგა და დიდხანს შესცქეროდა “საკვირველსა და საშინელს”. მოწიწებით ქედმოხრილი ქართველები ეთაყვანებოდნენ არმაზს მისი კერპის წინ. “როგორც კი ნინომ ვაზის ჯვრის ნიში აღმართა “მეყსეულად მას ჟამსა დაეცნის ყოველნი კერპნი, რომელნი იქმნეს საზღვარსა ქართლისასა და შეიმუსრნეს” (მოქცევაი ქართლისაი). სინამდვილეში თავისით არ განადგურებულა არცერთი კერპი. მოხდა უდიდესი ბარბაროსობა კაცობრიობის ისტორიაში და განადგურებული იქნა უდიდესი ქართული წარმართული კულტურა, უამრავი ძეგლი (კერპებად წოდებული) და “წარმართული” (ძველი ქართული რელიგიის სააღმსარებლო) ტაძარი მთელი სამეფოს მასშტაბით სახელმწიფოს მესვეურთა მიერ. ბევრი წარმართული ტაძარი კი უბრალოდ გადაკეთდა ქრისტიანულ ტაძრებად ან დაინგრა და მათ ადგილას აშენდა ქრისტიანული ტაძრები, ზოგგან კი ქრისტიანული ტაძრები არც აშენდა მათ ადგილას და უბრალოდ დაანგრიეს.

არმაზის მიწაში აღმოჩენილია მთელი საგანძური: სასაფეთქლეები (V-VI სს.), ოქროს ყელსაბამები, სამაჯურები, ჯიხვის, ცხვრისა და ცხენის სახეებიანი სამკაულები, პიტიახშის ცოლის, სერაფიტას გულსაკიდები, ზურმუხტისა და ფირუზით გაწყობილი ბეჭდები, ვერცხლის ჭურჭელი, სასმისები, ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშები. ყოველივე ეს მეტყველებს წარმართული კოლხური და იბერიული კულტურის სიმაღლეზე, სრულად ამართლებს მითებში აღწერილ ამბებს.

საგულისხმოა ასეთ კერპთა არსებობაც და მათი მითიური სარჩულიც. გაც – მამაკაცია, გა – ქალი, ე.ი. დედამიწა (სვანურად გიმ, ბერძნულად გე). აქ უდავოდ იგულისხმება ისევ ცა და მიწა – ურანოსისა და გეას ქართული შესატყვისები. ღმერთი გაცი – კაცია. გა ქალღვთაებაა, დაახლოებით იმავე ფუნქციისა, რაც პირველ ხანებში ჰქონდა ფინიკიურ ასტარტას. არმაზი კი ქართლის ხთონური ღმერთთა ღმერთია. ნაკლებადაა გამოკვეთილი გეონის სახე, მაგრამ აშკარაა მისი კავშირი გეა – გიმთან.

აკაკი გელოვანი




კატები და კუდიანები

ქართული დემონოლოგიური გადმოცემების უაღრესად აქტიურ პერსონაჟს წარმოადგენს კატა, რომელიც უწმინდურ ცხოველად მიაჩნდათ და მისი დემონიზაცია, როგორც ჩანს, დასავლეთ ევროპული ტრადიციიდან მომდინარეობს. XIII საუკუნის შუა წლების ცნობილი ფრანცისკანელი ბერის ბერთოლდ რეგენსბურგელის ქადაგების მიხედვით, შავი ჭირის ეპიდემია ქვეყანაში კატის ამოსუნთქვით ვრცელდებოდა. ღამეული სეირნობის, უხმაურო გადაადგილებისა და სიბნელეში მანათობელი თვალების გამო, შუა საუკუნეების ევროპაში კატა უწმინდური ძალების განსახიერებად, კუდიანების თანაშემწედ და ჯოჯოხეთის ნაშიერად გამოაცხადეს. განსაკუთრებით შავი დღე დაატყდათ შავ კატებს, რადგან ევროპაში დემონური ძალების მიმართ შიშით შეპყრობილი ადამიანები მათ მასობრივად ანადგურებდნენ. კატებზე ნადირობამ თავის აპოგეას XVI-XVII საუკუნეებში მიაღწია. საკმარისი იყო ვინმეს კატა ჰყოლოდა, რომ მას მაშინვე კუდიანობაში დაადანაშაულებდნენ.

ფშაური გადმოცემების მიხედვით, ზურაბ არაგვის ერისთავმა ლაშარის ჯვრის წმინდა ხის მოსაჭრელად კატის სისხლი გამოიყენა. თორმეტიდან ერთ-ერთი თემის ხევისბერმა სასტიკ ერისთავს გაანდო საიდუმლო, რომ თუ მას ლაშარის მუხის მოჭრა სურდა, მის ძირში კატა უნდა დაეკლა. სხვანაირად ერისთავი ვერ შეძლებდა „ბერმუხის“ – ფშავის უმთავრესი სიწმინდისა და ერთიანობის სიმბოლოს — ხელყოფას, რომლის მოჭრაზეც იყო დამოკიდებული ამ კუთხის დამორჩილება. ხევსურული სიმღერის მიხედვით, იმავე ხერხს მიმართა არაგვის ერისთავმა ხევსურეთის უმთავრესი საკულტო სიწმინდის – ხმალას ალვის ხის მოსაჭრელად. როგორც წესი, ყოველწლიურად კულტმსახური კურატისა და ცხვრის სისხლით თავისებურად ნათლავდა წმინდა ადგილს და ამ სახით, რიტუალურად ახდენდა საკრალურის ყოველწლიურ განახლებას. ზურაბ ერისთავი კი ჩადის წმინდა ქმედების საპირისპირო საქციელს. ის კატას იყენებს, როგორც ანტიმსხვერპლს, წმინდა მსხვერპლის, კურატისა და ცხვრის ნაცვლად. ამ საშუალებით მან მიზანს მიაღწია, რადგან შებღალა სიწმინდე და მოახდინა სიწმინდის დესაკრალიზება. ერთი ხევსურული ანდრეზის მიხედვით, ჯვრის თას-განძი მპარავს ცეცხლით უკუაგდებს. მაგრამ მპარავმა განძის დაუფლება მას შემდეგ მოახერხა, როცა კატა დაკლა და მისი სისხლი თას-განძს მოასხა. როგორც ზ. კიკნაძე მიუთითებს, ამ საქციელით მპარავი მტრობს, უარყოფს ჯვარს და ეზიარება ეშმაკეულ ძალას. ის უარს ამბობს ადამიანობაზე და დევურ სამსახურში დგება, რადგან ჯვრისა და თავის თავში ადამიანურის უარყოფის გარეშე ის ვერ ჩაიგდებდა ხელში ჯვრის განძს.

გადმოცემების მიხედვით, კატის სახე ღამით შეუძლია მიიღოს იმ ადამიანმა, რომელსაც ეშმაკისთვის სული აქვს მიყიდული. ტრადიციის თანახმად, ავსულები წელიწადის ერთ კონკრეტულ ღამეს განსაკუთრებით აქტიურდებოდნენ, რადგან ისინი იმ ღამეს საიდუმლო ადგილზე ერთად იკრიბებოდნენ და ათას სისაძაგლეს ჩადიოდნენ. ხალხი მას კუდიანების ღამეს უწოდებდა.

ათრევის ხეობის სოფელ ველებში 2015 წელს ხვთისო მამისიმედიშვილმა მთხრობელისგან ჩაიწერა გადმოცემა, რომლის მიხედვით, კუდიანი ქალი, მეტსახელად ქორსმაძავაგი, ახალი წლის ღამეს კატის სახით გადადიოდა მეზობლებთან. თანასოფლელებს ბოლოს გაუგიათ, თუ ვინ იყო ის ქალი, რომელიც ღამით კატის სახით დაძრწოდა. ქორსმაძავაგის მთელ სოფელს ეშინოდა, რადგან ვის ოჯახშიც ის შევიდოდა, ყველა ავად ხდებოდა. ერთხელაც ეს კატა მეზობლის ე. წ. „საქორწილე“ ბიჭს დაუჭერია და უცემია. გაგონილი ჰქონიათ, რომ თუ იმ კატას დაიჭერდნენ და სცემდნენ, ის კუდიანი ქალიც ავად გახდებოდა. მართლაც, კატის ცემის შემდეგ ქორსმაძავაგი ლოგინად ჩავარდნილა და მეზობლებს იმ „საქორწილე“ ბიჭის მოყვანას ეხვეწებოდა. თუმცა, მთხრობელის განმარტებით, მეზობლის ქალებს კატის დამჭერი ვაჟი ქორსმაძავაგთან აღარ მიუშვიათ, რადგან, მათი წარმოდგენით, ბიჭი იქ რომ მისულიყო, ქალი მას ავად გახდიდა, ან სხვა რამე უბედურებას დამართებდა. აღსანიშნავია, რომ ოსურ ენაში ქორსმაძავაგის სემანტიკა შეიცავს გარყვნილებისა და უზნეობის კონოტაციას, რომელიც ასევე მიეწერებოდათ კუდიანებს.

ხალხურ ტექსტებში კუდიანის ერთ-ერთ განუყრელ ატრიბუტს თითისტარი წარმოადგენს, რომელზეც ის ბაწარს ართავს. საჩეჩელზე დამუშავებული მატყლის თითისტარზე ბაწრად გარდაქმნა გულისხმობს ერთი საგნის მეორე საგნად გადაქცევას და, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ დაუკავშირდა ეს პროცესი მაქცია კუდიანებს. სოფელ პერევში ჩაწერილი გადმოცემა მოგვითხრობს კუდიანზე, რომელმაც სიკვდილის შემდეგაც არ მოასვენა ოჯახი. დაზარალებულს ურჩიეს, რომ მისი საფლავი გაეთხარა და კუდიანის ცხედარი ენახა. „ვაჟმა, მართლაც, გათხარა საფლავი და თურმე იქ კატად გადაქცეული კუდიანი იჯდა და თითისტარზე ბაწარს ართავდა. კუდიანთა მაქცია ბუნებას უკავშირდება წისქვილიც, სადაც მარცვლეული გარდაიქმნება ფქვილად და საწნახელიც, რომლითაც, ზოგიერთი ხალხური ტექსტის მიხედვით, კუდიანები ავსულთა შეკრებაზე მიემგზავრებოდნენ. საწნახელშიც ერთი სახის საგანი, მეორე სახის საგნად გარდაიქმნება, ყურძენი წვენად, მაჭრად და ბოლოს ღვინოდ გადაიქცევა.

ალექსი ოჩიაურის ცნობით, ხალხი ავსულთა შეკრების ღამეს შავი კატის მიმართ განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა. თუ ვინმეზე ეჭვი ეპარებოდათ – კუდიანიაო, კუდიან-ღამეს ყარაულობდნენ, რადგან იგი აუცილებლად შავ კატად გადაიქცეოდა და სადღაც გადაიკარგებოდა, გათენებისას კი ისევ სახლში ბრუნდებოდა, შეძვრებოდა შინ და კვლავ ადამიანის სახეს იღებდა.

ხალხს მიაჩნდა, რომ კუდიანები განსაკუთრებულ ძალას ავსულთა შეკრების ღამეს იღებდნენ, როდესაც შავი კატის სახით დაძრწოდნენ და ადამიანებზე ნადირობდნენ. ა. ცანავას მოჰყავს მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ერთი ფოლკლორული ჩანაწერი: „დ. ჯანჯღავას გადმოცემით, მისი ინფორმატორი ივანე ჯოჯუა ირწმუნებოდა, რომ მის მეუღლეს ჭეჭეთობა ღამეს რაღაცა ახრჩობდა. როცა ჭრაქი აანთო, დაინახა, რომ მეუღლეს გულზე კატა აჯდა. ივანეს ეს კატა დაუჭერია და სახე ცეცხლით შეუტრუსავს… მეორე დღეს დაკვირვებია საეჭვო ქალებს და ერთი მეზობლის ქალი უნახავს, თურმე, სახეშეხვეული“. ხალხური წარმოდგენების მიხედვით, დაზარალებული სხეულის რა ნაწილსაც დაუსახიჩრებდა კატად ქცეულ ავსულს, იმ ადგილზე კუდიანს უეჭველად აღმოაჩნდებოდა ნიშანი, როდესაც ის კვლავ ქალის სახეს მიიღებდა. გადმოცემების მიხედვით, ხალხს განსაკუთრებით უცხო კატის ეშინოდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ უბედურების მოსავლენად მისი სახით კუდიანი ესტუმრათ. მ. მაშურკოს კუდიანებთან დაკავშირებით მოჰყავს ერთი ისტორია, რომელიც მას ტფილისის თუ ქუთაისის გუბერნიაში მოუსმენია:

ერთ სახლს უცხო შავი კატა შესჩვევია და თურმე ყოველ ღამით სტუმრობდა. კატას იმ ოჯახის სამივე შვილი გაუგუდავს. ერთხელაც, როცა ოჯახის უფროსს უკვე ეძინა, კატა ფრთხილად შესულა ოთახში და მამაკაცის საწოლის ქვეშ მოკალათებულა. კაცს გაღვიძებია, შეუმჩნევია „საშიში მტერი“, იმ წამსვე კატისთვის ფეხში ხელი წაუვლია და ცხელ თონეში ჩაუგდია. თუმცა კატას მხოლოდ თათები დასწვია. მეორე დღეს კაცს მეზობლად დაუნახავს ხელფეხდამწვარი დედაბერი და მაშინვე ეჭვი გასჩენია, რომ ის ქალი კუდიანი უნდა ყოფილიყო, რომელიც ღამით ბოროტების ჩასადენად შავი კატის სახეს იღებდა. მსგავსი წარმოდგენა, შავი კატის სახით მოსიარულე კუდიანის შესახებ, როგორც ჩანს, მთელ კავკასიაში ყოფილა გავრცელებული. ალექსი ოჩიაურის ცნობით, ფშავში „შავ კატას თუ ხელში ჩაიგდებდნენ, პირისახეზე გავარვარებული რკინით დაღს ადებდნენ, – ადამიანად რომ იქცევა, დადაღული კარგად შეეტყობა სახეზეო. ერთი ასეთი ციცა დაუდაღავთ და რომელ დედაკაცზეც ეჭვი ჰქონდათ, მეორე დღეს სახეშეხვეული გამოსულა, დაიჭირეს თურმე, შეხსნეს შეხვეული და ლოყებზე ისეთივე დადაღული აღმოაჩნდა, როგორი დამღაც შავ კატას დაადეს“.

აფხაზურ გადმოცემაში კატისთვის სახის დადაღვას თვალის გამოთხრა ენაცვლება. ზეპირ ისტორიაში, რომელსაც ს. ზუხბა თავის „აფხაზურ ზეპირსიტყვიერებაში“ წარმოგვიდგენს, „კუდიანი“ ისჯება კატისთვის დამახასიათებელი ისეთი ბუნებრივი და ჩვეულებრივი საქციელისთვის, როგორიც ქურდობაა. ერთ კაცს თურმე შავი კატა შებოლილ ხორცს ჰპარავდა. სახლის პატრონს, როდესაც მოთმინების ფიალა ავსებია, კატისთვის თოფი რამდენჯერმე უსვრია, თუმცა მხოლოდ ბოლო ცდაზე მოურტყამს და ცალი თვალი გამოუთხრია. მეორე დილით ხალხი მეზობელი ქალის კივილს გაუღვიძებია. ყველას დაუნახავს მისი გამოთხრილი თვალი. ამით მიხვედრილან, რომ ის ქალი უწმინდური იყო, კატის სახით დაძრწოდა და შებოლილ ლორს იპარავდა. თვალის გამომთხრელს კი, მთხრობელის ცნობით, იმის შემდეგ ხორცი აღარ დაჰკლებია.

რადგან ავსულების მოქმედება სახლში შეუმჩნეველი არ რჩებოდა და დაზარალებულები მათ სასტიკად სჯიდნენ, კუდიანებს შერჩეული ჰქონდათ ხელსაყრელი ადგილი, სადაც უფრო თავისუფლად შეძლებდნენ მაქციობასა და თავიანთი ბოროტი ზრახვების აღსრულებას. ეს ადგილი, გადმოცემების მიხედვით, იყო ტრიალი მინდორი, საიდუმლო მთა, წისქვილი, მისი შემოგარენი და სხვა.

ხვთისო მამისიმედიშვილი

წყარო: ლიგა




კუდიანები

განსაკუთრებული სიავით გამოირჩევიან კუდიანები, რომლებიც ადამიანები არიან, მაგრამ ავსულთა წრეში მოექცნენ და მათი ბუნება შეიძინეს. კუდიანებად ორივე სქესის ადამიანები არიან ცნობილნი, მაგრამ მამაკაცები თითოოროლაა, ქალები კი – საკმაო რაოდენობით.

კუდიანებს ორი სული აქვთ: სუფთა და არაწმინდა. კუდიანი თვითონაც ავი ძალაა. დღისით იგი შერწყმულია სუფთა სულთან, ღამით კი მას დაძინებულს ტოვებს და მიდის სამოქმედოდ – ხან ცხოველად გადაიქცევა, ხან – მწერად. სახლებში ნაპრალებიდან შედის და მერე ბრუნდება სხეულში. ისინი მრავლდებიან ჩვეულებრივი წესით. ასევე იმხრობენ სხვის ბავშვებს და ასწავლიან თავიანთ ხელობას: კედელზე გაჩერებას, ნემსის ყუნწში გაძრომას, მგზავრობენ მგლებსა და კატებზე ამხედრებულები, ან ამ ცხოველებად გადაიქცევიან. კუდიანები ამოირჩევენ ახლადდაბადებულ ბავშვს. შედიან შუაღამის შემდეგ ამ სახლში და მძინარე ბავშვს აბურთავებენ – ერთმანეთს გადაუგდებენ. თან ჯადოსნურ სიტყვებს ამბობენ ლექსივით. როცა ბავშვი იღვიძებს, ჯადოქრები თავიდან თმის ბღუჯას ამოაჭრიან და მიდიან. ასე მეორდება რამდენჯერმე. 6 და 15 აგვისტოს წინა ღამეს დედები ეკლესიიდან მოტანილ სანთლებს ცვილს ააგლეჯენ და ბავშვებს აკრობენ. თუ რომელიმე დარჩა სანთლის გარეშე, მას კუდიანები ადებენ ნიშანს და ასწავლიან თავიანთ ხელობას.

კუდიანების უფროსია როკაპი, რომელიც იღებს ახალ წევრს, ამოწმებს მის უნარს და მიაბარებს გამოცდილებს სასწავლად. მათი მთაა ტაბაკელა ან ტაბაკონი. ისინი დაძინებულ ადამიანს გულს გლეჯენ. კუდიანებს სამეგრელოში მზაკვრებს უწოდებენ.

შუაღამისას მზაკვრები საჰაერო გზით მიემართებიან როკაპის სამფლობელოსკენ, ზოგი ცოცხზეა გადამჯდარი, ზოგი – საწნახელზე. ტაბაკონზე დიდი კოცონია დანთებული, რომელზეც უზარმზარი ქვაბია დაკიდებული წყლით. მასში უნდა მოიხარშოს ყველა ადამიანის გული, რომელიც წლის განმავლობაში მოაგროვეს მზაკვრებმა. ისინი ძღვენით მიდიან როკაპთან და უყვებიან თავიანთი ნამოქმედარის შესახებ. თვითონ როკაპი საშინელი დედაბრის სახით არის დახატული უზარმაზარი ეშვებით.

საერთოდ, ცოცხზე გადამჯდარი კუდიანი, რომელიც საკვამურში ჩადის და მერე თავის უფროსს აბარებს ანგარიშს (ანუ შუა საუკუნეების ევროპაში გავრცელებული სურათი) არ არის კავკასიური მითოლოგიის კუთვნილი სახე.

ადამიანის კუდიანად, ავსულად ქცევას ხევსურეთში აღნიშნავდა სიტყვა „გამიწრივლება“. ხალხში ყვებოდნენ: „უკანხადუში ცხოვრობდა კაცი, სახელად კურდღელა. იმ კაცს სოფლის განაპირას ციხე ჰქონდა და შიგ ცხოვრობდა. თურმე სიცოცხლითვე ეტყობოდა, რომ რაღაც სხვანაირი კაცი იყო, გრძნეული, შურიანი, ბოროტი. სიკვდილის შემდეგ ის გამიწრივლდა (ე. ი. ავსულად, ეშმაკად იქცა) და დადგა კაცთა ვნებაზე. იმის ნაციხართან ჩავლილი ბავშვები და ქალები შინდებოდნენ, ძილში ეჩვენებოდათ და ავად ხდებოდნენ, ზოგი კვდებოდა კიდეც. ბოლოს მკითხავებმა თქვეს, რომ კურდღელა გამიწრივლდა და ვინც არაფერს შესწირავს, იმას ავნებსო. რგება არ შეუძლია, ვნება კი – ბევრისა. ბოლოს ეს ადგილი სალოცავადაც იქცა“.

ქეთევან სიხარულიძე

წყარო: ლიგა




კუდიანების წამება ქართულ და ჩრდილოეთ კავკასიის გადმოცემებში

ვ. ლომინაძის ცნობით, კუდიანისთვის ფიზიკური წამების მიყენება დანაშაულად კი არ ითვლებოდა, არამედ ღვთის მაამებელ საქმედ მიაჩნდათ. საზოგადოებას, რომელსაც სწამდა კუდიანთა არსებობა, დემონურ არსებათა მიმართ განსაკუთრებული შიში ამოძრავებდა. ადამიანები ყვებოდნენ შემაძრწუნებელ ისტორიებს კუდიანთა ვნებებზე. ამიტომაც, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კუდიანებისგან თავის დასაცავად ხალხი უსაფრთხოების სასტიკ ზომებს იღებდა. დემონური ძალების მიმართ შიშს თან სდევდა კოლექტიური ძალების გააქტიურება.

ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთ სოფელში კუდიანობაში ეჭვმიტანილს XIX საუკუნის მეორე ნახევარშიც კი, ზოგჯერ, სიკვდილით სჯიდნენ. ამ ტიპის გადმოცემები რეალურ ისტორიებზეა აგებული. უფრო სწორად, კუდიანობაში შემჩნეული ადამიანები და მათი დამსჯელები, რეალურად ცხოვრობდნენ იმ სოფლებში, რომლებზეც გადმოცემები მოგვითხრობენ.

კუდიანის გამოტეხასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ სიახლოვეს ამჟღავნებს ქართულ (ხევსურულ) ტექსტებთან ჩეჩნური გადმოცემა. ხევსურული ანდრეზის მიხედვით, კუდიანთა შეკრებაზე მისულ ქალს ავსულებმა საკუთარი შვილის მოკვლა უბრძანეს, ხოლო ჩეჩნურ თქმულებაში სიძის მოკვლა. ორივე გადმოცემას აქვს ერთი და იგივე სიუჟეტი. ვაჟიც და სიძეც საიდუმლოდ ესწრებიან კუდიანთა შეკრებას. ისინი საკუთარი ყურით მოისმენენ კუდიანთა სასტიკ განაჩენს და თავდაცვის ზომებსაც თვითონვე მიიღებენ. ორივე ტექსტში, როგორც ხევსურულ, ისე ჩეჩნურ გადმოცემაში, კუდიანი ბუზად იქცევა და ცდილობს ავნოს ერთ შემთხვევაში საკუთარ შვილს, მეორე შემთხვევაში სიძეს. ვაჟები შეიპყრობენ ბუზს, რადგან იციან, რომ მასში კუდიანის სულია. ხევსურულ გადმოცემაში კუდიანი დედა „ჯარას ძაჴს“, როცა ვაჟი ბუზს ხელს მოუჭერს, „დადგებიან ჯარან“. დედა ეხვეწება ვაჟს, რომ ბუზი გაუშვას. ვაჟი აიძულებს დედას, გამოტყდეს კუდიანობაში. ქალი გადის ბანზე და ხმამაღლა იძახის: „გატეხილ ვარივ, კუდიან ვარივ!“. ჩეჩნურ გადმოცემაში უფრო დრამატულად ვითარდება სიუჟეტი. ვაჟი ქისაში ათავსებს ბუზს, რომელშიც კუდიანი სიდედრის სულია. მან ხელი მოუჭირა ქისას და დაინახა, რომ სიდედრს გული შეუღონდა. მან ოდნავ გაშალა ხელი და სიდედრი კვლავ გონს მოვიდა. „ესე იგი სიმართლე ყოფილა, ეს კუდიანია“ – გაიფიქრა ბიჭმა. ის თავის ცოლთან წავიდა და უამბო, რაც შეემთხვა. ცოლმა გამოართვა ქისა, გამოვიდა კოშკიდან და ბუზი ფეხით გასრისა. როცა კოშკში დაბრუნდა, ქალმა თავისი დედა გარდაცვლილი ნახა.

გადმოცემებიდან ირკვევა, რომ კავკასიაში კუდიანთა დევნის, გამოვლენისა და გამოტეხის დადგენილი და ჩამოყალიბებული მეთოდები არსებობდა. ფშავში მიაჩნდათ, რომ კუდიანებს ჰქონდათ თითის სიგრძე კუდი. ამიტომ ეჭვმიტანილს ძალით აშიშვლებდნენ და წყალში სვამდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ თუ „შემჩნეულს“ კუდი ჰქონდა, ის წყალში უეჭველად გამოჩნდებოდა. თუ ეჭვმიტანილს კუდი მართლაც აღმოჩნდებოდა, ის უნდა გამოტეხილიყო, რათა კუდიანისთვის დამახასიათებელი თვისებები დაეკარგა.

ჩერქეზეთშიც, ისევე როგორც მთელ კავკასიაში, კუდიანებს უმოწყალოდ დევნიდნენ და აწამებდნენ. ლ. ლიულეს ცნობით, ჩერქეზებს ჰყავდათ განსაკუთრებული სტატუსის მქონე მკითხავი (ცისიუო), რომელიც, მათი აზრით, ფლობდა კუდიანის ამოცნობის უნარს. როცა ფიქრობდნენ, რომ ავადმყოფობის ან სხვა სახის უბედურების მიზეზი შეიძლება ჯადოქრობა ყოფილიყო, მაშინ კუდიანის ამოსაცნობად მოუწოდებდნენ ცისიუოს, რომელსაც მთავარი ინკვიზიტორის ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული. კუდიანობასა და ჯადოქრობაში ეჭვმიტანილი მის წინაშე უნდა წარედგინათ. ცისიუო ან დაადასტურებდა მის დანაშაულს კუდიანობაში, ან მის უდანაშაულობას დაამოწმებდა და ასეთ შემთხვევაში მას ათავისუფლებდნენ სასჯელისგან. მაგრამ თუ კუდანობაში მხლებული საზოგადოების წინაშე არ გამოტყდებოდა და არ აღიარებდა თავის დანაშაულს, მას აწამებდნენ. ეჭვმიტანილს სვამდნენ ორ აგიზგიზებულ კოცონს შორის. ამავდროულად კუდიანობაში ბრალდებულს აიძულებდნენ ეჭამა საგანგებოდ მის გამოსატეხად დაკლული შავი ძაღლის შემწვარი ღვიძლი. საცოდავი მსხვერპლი, კუდიანობაში მხილებული, ნატანჯი ამგვარი წამებით, იძულებული ხდებოდა გამოტეხილიყო და ეღიარებინა ის, რაშიც ადანაშაულებდნენ. როგორც კი ძაღლის შემწვარი ღვიძლი გამოიწვევდა მასში გულისრევას, ხალხი რწმუნდებოდა, რომ კუდიანობაში ბრალდებული ამოანთხევდა მთელ ბოროტებას, რომელიც მასში იყო დამალული. როცა ამ სახით დამნაშავეში მოსპობდნენ ჯადოსნობის უნარს, კუდიანს აფიცებდნენ, რომ ის სამუდამოდ გაწყვეტდა კავშირს უდებთან და მას ათავისუფლებდნენ.

ლ. ლიულეს ცნობით, XIX საუკუნის 30-იან წლებში ჩერქეზეთში კუდიანების დევნა კვლავ გრძელდებოდა. მეცნიერის ჩერქეზეთში მოგზაურობის დროს ჯერ კიდევ ტარდებოდა ე. წ. „საინკვიზიციო პროცესები“ კუდიანთა გამოსავლენად. ლ. ლიულე წერს:

“1836 წელს, როდესაც ეკატერინოდარში ვიმყოფებოდი, გავიგე, რომ ხამიშელების მეზობლად მცხოვრები ხალხი, რომელთა აულებიც კარგად მოჩანს ყუბანის გაღმიდან, შეშფოთებული იყვნენ სხვადასხვა დაავადების გაჩენით. ისინი სენის გავრცელებას კუდიანებს (უდებს) მიაწერდნენ. მათ მოიწვიეს ცისიუო და ეს საინკვიზაციო კომისია გადადიოდა აულიდან აულში დამნაშავეთა გამოსავლენად”.

კუდიანთა გამოსავლენად და გამოსატეხად ცისიუოს მსგავსი ინკვიზიტორის ცოდნას საქართველოშიც რომ იყენებდნენ, ჩანს კ. ბოროზდინის ნაშრომიდან, რომელიც 3KOИPГO-ს მე-7 ტომში 1866 წელს დაიბეჭდა. კუდიანებთან დაკავშირებით ის ერთ დრამატულ ისტორიას იხსენებს, რომელსაც XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, თურქეთთან ომის შემდეგ (ავტორი უნდა გულისხმობდეს ალბათ რუსეთ-ოსმალეთის 1853-1856 წწ ომს), სამეგრელოში ჰქონია ადგილი. ზუგდიდის მახლობელ სოფლებში საქონლის ეპიდემია გავრცელებულა. პირუტყვის მასობრივ განადგურებაში ადგილობრივ მოსახლეობას კუდიანებზე მიუტანია ეჭვი. მათ სამურზაყანოდან ვიღაც თურქი მოუწვევიათ, რომელიც განთქმული ყოფილა კუდიანების გამოვლენაში. თურქს მოხუცი ქალების მოქუჩება და მათი წყალში ჩაყრა მოუთხოვია. ის ქალები, რომლებიც წყალში ჩაძირულან, თურქს უდანაშაულოდ უცვნია და გაუშვია. მაგრამ ქალებს შორის აღმოჩენილა რამდენიმე უიღბლო დედაკაცი, რომლებიც, შეიძლება, კაბამ არ ჩაძირა წყალში და ისინი კუდიანებად უღიარებიათ. ამის შემდეგ, თურქის განკარგულებით, ქალები აუძულებიათ ორ უზარმაზარ კოცონს შორის წინ და უკან ერბინათ, სანამ არ აღიარებდნენ კუდიანობასა და მონაწილეობას საქონლის განადგურებაში. ამ წამების დროს ორი ქალი ცოცხლად დამწვარა. კ. ბოროზდინის ცნობით, „როცა ეს ამბავი სამეგრელოს ხელისუფლების ყურამდე მივიდა, მათ დიდი შრომა დასჭირდათ იმისათვის, რომ, ჯერ ერთი, შეეწყვიტათ ეს auto da fe და, მეორეც, მართლმსაჯულებისთვის გადაეცათ თურქი ავანტიურისტი, რომელსაც ხალხი არ თმობდა. საბოლოოდ ის წესისა და კანონის დაცვით ნერჩინსკში (ციმბირში) გააგზავნეს“. კუდიანთა გამოტეხის მსგავს სიტუაციას აღწერს მ. მაშურკოც. მისი ცნობით, 1853 თუ 1854 წელს ჯიხაიშსა და მთელ მის შემოგარენს საშინელი შიმშილი და მოუსავლიანობა დასტყდომია, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას კუდიანებისთვის დაუბრალებია. საერთო კრებაზე მათ პარაკლისის ჩატარების გადაწყვეტილება მიუღიათ. პარაკლისს კი ოთხი სოფლის – ჯიხაიშის, კულაშის, იანეთისა და ეცერის – მოსახლეობა უნდა დასწრებოდა. ორგანიზატორებს წინასწარ ისიც გამოუცხადებიათ, რომ ვინც პარაკლისს არ დაესწრებოდა, კუდიანად ჩაითვლებოდა. რადგან სხვადასხვა მიზეზით ბევრი ადამიანი წირვას ვერ დაესწრო, პატარა მდინარე გუბისწყალთან კიდევ ერთი შეკრების დღე დაუნიშნავთ. იქ უნდა მოეყვანათ ისინი, რომლებიც პარაკლისზე არ გამოცხადნენ. დანიშნულ დღეს დიდძალი ხალხი შეიკრიბა. იქ იყვნენ გლეხებიც, აზნაურებიც და თავადებიც. მ. მაშურკო დაწვრილებით აღწერს ეჭვმიტანილთა წყალში ჩაყრით კუდიანების გამოვლენის წესს:

მდინარეზე გადეს ორი მორი, რომლებზეც ორ-ორი კაცი დააყენეს. კუდიანობაში შემჩნეულებს შეუკრეს ხელები, მუხლებს ზემოთ გაუკრეს ფეხებიც. შემდეგ ჩააბეს თოკი და ჩაუშვეს წყალში. როგორც წესი, ვინც წყალში ჩაიძირა, ის გათავისუფლდა კუდიანობაში ბრალდებისგან. მაგრამ ისინი, რომლებიც წყლის ზედაპირზე გაჩერდნენ, კუდიანებად მიიჩნიეს. ასეთები კი, მ. მაშურკოს ცნობით, ნაპირზე გამოჰყავდათ და დაღავდნენ, ე. ი. სხეულის რბილ ნაწილზე გავარვარებულ ნალს ადებდნენ. მ. მაშურკო იმასაც აღნიშნავს, რომ იმ დროს რაჭის მაზრაში კვლავ სრულდებოდა კუდიანის დადაღვის ასეთივე ცერემონია, რომელსაც მოხუცები ხელმძღვანელობდნენ. კუდიანობაში ბრალდებულს ისინი გავარვარებული რკინას შუბლზე ადებდნენ.

ვ. ლომინაძეც ადასტურებს კუდიანობაში ბრალდებულის დადაღვის ფაქტებს. კუდიან ქალებს დაღავდნენ, რათა ყველას შეძლებოდა გარეგნული ნიშნით მათი ამოცნობა. მისივე ცნობით, ზოგიერთ მიგდებულ და მიყრუებულ სოფელში ამ არაადამიანურ ღონისძიებას ისევ მიმართავდნენ.

ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალა კუდიანთა გამოსავლენად საქართველოს ზოგიერთ კუთხეში მტკიცედ დადგენილი და ჩამოყალიბებული წესების არსებობას ადასტურებს. დაკითხვისას, თუ ეჭვმიტანილი არ გამოტყდებოდა და არ აღიარებდა თავის კუდიანობას, მას აწამებდნენ ისე, როგორც თავის დროზე ინკვიზიციას ჰქონდა დაწესებული. აქედან გამომდინარე, ზ. კიკნაძე კუდიანის გამოტეხის ხალხში გავრცელებულ წეს-ჩვეულებას „ხალხურ ინკვიზიციას“ უწოდებს. მას საილუსტრაციოდ მოჰყავს ჯ. ნოღაიდელისა და მ. ნადარაიას ჩანაწერებში დაცული ცნობები კუდიანობაში ეჭვმიტანილის წამებით გამოტეხის შესახებ. ინკვიზიცია, პირველ რიგში, საზოგადოების დაკვეთას ასრულებდა. ამ საზოგადოებას სჯეროდა, რომ ნამდვილად არსებობდნენ კუდიანები, რომლებიც ათასგვარ ბოროტებას ჩადიოდნენ. შესაბამისად, კუდიანთა დევნა და წამება მათ უმაღლეს სამართლიანობად მიაჩნდათ. კუდიანების დევნამ ინკვიზიციის სახით ორგანიზებული სახე დასავლეთ ევროპაში მიიღო. არ ვიცით, საქართველოში ოფიციალურად ინკვიზიცია იყო თუ არა. ამის შესახებ ისტორიული ცნობები არ მოგვეპოვება. უნდა ვიფიქროთ, რომ ქართულ ხალხურ ტრადიციაში კუდიანთა დევნის სტრუქტურა შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებულ პრაქტიკას დაეფუძნა, რომელმაც მთელი ევროპა და მათ შორის საქართველოც მოიცვა.

ხვთისო მამისიმედიშვილი

წყარო: ლიგა




ინკვიზიცია

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (381 წლის თევდოსის ედიქტი), წამოიჭრა იმპერიის მთლიანობის დაცვის პრობლემა რელიგიის ერთიანობის გზითაც. ეკლესიის ზოგიერთმა მამამ, მათ შორის წმიდა ავგუსტინემაც, გაამართლეს არამართლმორწმუნე თუ ერეტიკულ სწავლებებთან ბრძოლის მიზნით იძულების გამოყენება. IV-V საუკუნეებიდან სახელმწიფო ერეტიკოსებს (ერეტიკოსი –

მონათლული ადამიანი, რომელიც, მიუხედავად ქრისტიანის სახელის შენარჩუნებისა, უარყოფს ან ჯიუტად ეჭვქვეშ აყენებს ღვთაებრივი და კათოლიკური სარწმუნოების რომელიმე ჭეშმარიტებას.) სჯიდა გადასახლებით, ქონების კონფისკაციითა და დაპატიმრებითაც კი.

თვით ინკვიზიცია კი მოგვიანებით დამკვიდრდა. 1184 წელს ლუციუს III-მ დაამკვიდრა საჯარო ბრალდებასთან შედარებით უფრო სწრაფი პროცედურა და დაავალდებულა ეპისკოპოსები, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ პირადად ან რწმუნებულთა მეშვეობით მოენახულებინათ ერესით შებღალული საკრებულოები და ფიცის ქვეშ მოესმინათ სანდო პირთა ჩვენებანი. თავდაპირველად უშუალოდ ეპისკოპოსის მოვალეობას წარმოადგენდა ბრალდებულთა მოძიება (inquisitio), მათი ეკლესიასთან შემორიგება ან, თუკი ერეტიკულ იდეებზე უარს არ იტყოდნენ, დასჯა.

ალბიგოელთა წინააღმდეგ მოწყობილი კამპანიის შემდეგ ტულუზის გრაფმა რაიმუნდ VII-მ, მეფე ლუი I-მა და პაპის ლეგატმა ხელი მოაწერეს პარიზის ტრაქტატს (1229), რომელიც ინკვიზიციათან დაკავშირებით სახელმწიფოს დახმარებას აღუთქვამდა ეკლესიას. იგივე პოზიციას იზიარებდა აგრეთვე ფრიდრიხ II. ამგვარად მოხდა, რომ 1231 წლის შემდეგ გრიგოლ IX-მ ევროპაში ჩამოაყალიბა ინკვიზიციის სასამართლოთა ქსელი, რომელთაც მუდმივი ინკვიზიტორები ხელმძღვანელობდნენ, უმთავრესად ეს იყვნენ ერესის ნებისმიერ დანაშაულებასთან დაკავშირებით სრული იურისდიქციის მქონე ფრანცისკელი და დომინიკელი მოწესეები.

ინკვიზიციის დროს გამოყენებული პროცედურები ნიკოლა ეიმერიკისა და ბერნარდო გის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოთა მეშვეობით გახდა ჩვენთვის ცნობილი. ინკვიზიციის სასამართლოს წინაშე ადამიანის გამოსაძახებლად ან დასაპატიმრებლად საკმარისი იყო საჩივარი, ეჭვი ან უბრალოდ „საზოგადო ხმა“. დაკითხვა მიმდინარეობდა ორი მოწმისა და ნოტარიუსის თანდასწრებით, ბრალდებულს ეძლეოდა შესაძლებლობა, ბრალდებაზე პასუხი გაეცა. აუცილებელი იყო მოწმეების სახელების ცოდნა, რადგანაც მათი გასაიდუმლოება ხელს უწყობდა ცილისწამებას.

განსხვავებული იყო ერეტიკოსობაში ბრალდებულის მდგომარეობა. ეჭვმიტანილს წინასწარ დამნაშავედ აცხადებდნენ. ინკვიზიტორი დამნაშავეს აიძულებდა, ეღიარებინა დანაშაული და მოეთხოვა ეკლესიის წიაღში დაბრუნება.

საინკვიზიციო სასამართლოსგან თავის დახსნა ძნელი საქმე იყო. საბოლოო განაჩენის გამოტანამდე თეორიულად შესაძლებელი იყო რომის პაპთან ჩივილი. თუმცა, ინკვიზოტორზე იყო დამოკიდებული, მიიღებდა თუ არა პაპისათვის გასაგზავნ წერილს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ოქროსმოყვარული პაპი ჩაერია საქმეში.

1245 წლის ლანგედოკის ეპისკოპოსების წერილიდან ირკვევა, რომ ისინი ჩივიან პაპ ინოკენტი IV–სთან რომ ბევრმა ერეტიკოსმა სასამართლოსგან თავის დაღწევა მოახერხა. თუმცა, ასეთი შემთხვევა იშვიათი ხდებოდა. კარკასონის ინკვიზიციის რეესტრში, 1249–1258 წლებში ორასზე მეტი საქმიდან ბრალდებული არც ერთ შემთხვევაში გასამართლებული არაა.

ინკვიზიტორთა შორის განსაკუთრებით დომინიკელებმა გამოიჩინეს თავი, რომელთაც დაკითხვათა დახვეწილი სისატიკის გამო „ღმრთის ძაღლთა“ (Domini canes) ორაზროვანი მეტსახელი დაიმსახურეს.

საბედნიეროდ, ცალკეულ ხალხებში ინკვიზიციამ მცირე ხანს იარსება. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ XIV-XV საუკუნეებში გერმანიასა და საფრანგეთში სამოძღვრო საკითხთა მიმართ ყურადღება მნიშვნელოვნად შესუსტდა კუდიანებზე ნადირობის გააქტიურების გამო. ინკვიზიციამ საეჭვო სახელი მოიხვეჭა ესპანეთში, სადაც ეჭვმიტანილთა შორის ძირითადად ებრაელები და ქრისტიანობაზე მოქცეული არაბები აღმოჩნდნენ (სავალდებულო მოქცევები 1391 წლიდან). კასტილიაში მოღვაწე (1481) პირველი ესპანელი „დიდი ინკვიზიტორის“ – დომინიკელი თომა დი ტორკვემადას (1420-1498) დროიდან მოყოლებული ინკვიზიციამ მოაწყო 9.000 აუტოდაფე (ლათ. actus fidei, ინკვიზიციის სასამართლოს რწმენის ოფიციალური აღსარება და განაჩენის გამოცხადება, რომელსაც მოჰყვებოდა მისი აღსრულება).

ინკვიზიციისგან თავის დაღწევა იმდენად რთული საქმე იყო, რომ ფრანცისკანელი ბერის ბერნარ დელისიეს სიტყებით, წმინდა პეტრე და წმინდა პავლე ერეტიკოსობაში დადანაშაულების და საქმის აღძვრის შემთხვევაში ვერანაირად გაიმართლებდნენ თავს.

ცალკეულ ხალხებში ინკვიზიციამ მცირე ხანს იარსება, თუმცა უმეტეს ქვეყანებში კარგა ხანს გაგრძელდა

XVII საუკუნიდან ევროპის ბევრ ქვეყანაში ინკვიზიციის შემთხვევებმა 2-ჯერ 3-ჯერ იკლო, ხოლო საბოლოოდ აიკრძალა ძირითადად XVIII-საუკუნის ბოლოდან XIX საუკუნის პირველ ნახევრში, ერთ-ერთი პირველი იყო საფრანგეთი (1722) და ერთ-ერთი უკანასკნელი ტოსკანა (1852), აღსანიშნავია, რომ რომში 1809 წელს გააუქმეს ინკვიზიცია და ხელმეორედ ისევ შემოიღეს 1814 წელს პიემ VII-ს დროს და იარსება 1908 წლამდე.

გავიხსენოთ, რომელი ცნობილი ადამიანები დაწვეს კოცონზე:

იან ჰუსი და მისი მოწაფე და მეგობარი იერონიმე პრაღელი – ჩეხი ხალხის ეროვნული გმირები, რეფორმატორები და მეცნიერებ-ორატორები – მათმა მოწამეობრივმა სიკვდილმა დააჩქარა რევოლუციური მოძრაობა და ჰუსიტური ომები 1419-1434 წლებში. იან ჰუსი 1415 წლის 6 ივლისს დაწვეს კოცონზე, ხოლო იერონიმე პრაღელი ოდნავ მოგვიანებით – 1416 წლის 30 მაისს.

ჟანა დარკი – საფრანგეთის სახალხო გმირი, რომელიც ასწლიანი ომის (1337—1453) დროს 1429—1430 ხელმძღვანელობდა ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას. მისმა უდიდესმა პოპულარობამ შეაშინა მეფე, არისტოკრატია და უმაღლესი სამღვდელოება. იგი, ფაქტობრივად, ჩამოაშორეს სამხედრო მოქმედებათა ხელმძღვანელობას. 1430 წლის 23 მაისს კომპიენის კომენდანტის ღალატის შედეგად იგი ტყვედ ჩაიგდეს ინგლისის მომხრე ბურგუნდოელებმა და 6 თვის შემდეგ დიდ თანხად მიჰყიდეს ინგლისელებს. შარლ VII-მ არაფერი იღონა ჟანას დასახსნელად, ქალაქ რუანში მოწყობილ საეკლესიო სასამართლო პროცესზე (1431 იანვარი-მაისი) ჟანა დ’არკი “ჯადოქრად” და “მწვალებლად” ცნეს და რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს.

ჯორდანო ბრუნო – იტალიელი ასტრონომი, ასტროლოგი, ფილოსოფოსი და პოეტი, დომინიკელთა ორდენის წევრი, პანთეიზმის წარმომადგენელი, რომელმაც მთლიანად შეცვლა წარმოდგენა სამყაროზე, 1592 წელს კათოლიკური ეკლესიის მსახურებმა ბრალად დასდეს ერეტიკოსობა. 8 წლის განმავლობაში ჯორდანო ბრუნო ციხეში იმყოფებოდა, ხოლო 1600 წლის 17 თებერვალს იგი კოცონზე დაწვეს.

გალილეო გალილეი – მართალია განაჩენი არ აღსრულდა, თუმცა ეკლესიამ მაინც მიუსაჯა სამუდამო შინა პატიმრობა, რა დროსაც იტალიელ ასტრონომს, ფიზიკოსს და ფილოსოფოსს სიცოცხლის ბოლომდე თან სდევდა ინკვიზიციის შიში, მან განავითარა კოპერნიკის მოძღვრებანი, რა დროსაც დაიჭირეს და საეკლესიო სასამართლოს გადასცეს, მან კარგად იცოდა, რომ ჯორდნაო ბრუნოს ბედი ელოდა, ამიტომ ბოლო მომენტში გადათქვა საკუთარი მსოფლმხედველობა და აღაირა, რომ “ცდებოდა”.

დანტე ალეგიერი – იტალიელი “უზენაესი პოეტი”, მოაზროვნე, თეოლოგი, ლიტერატურული იტალიური ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პოლიტიკოსი და ” ღვთაებრივი კომედიის” ავტორი მიუხედავად იმისა, რომ დანტე კათოლიკე იყო და პატივს სცემდა რელიგიას, ის მაინც გახდა ინკვიზიციის მსხვერპლი, განსაკუთრებით მისი პოემის “ღვთაებრივი კომედია” გამო. ფიზიკურად მისი ინკვიზიცია არ მომხდარა, მაგრამ კათოლიკური ეკლესიის ცენზურამ იკრძალა დღეისთვის უკვე ცნობილი მსოფლიო ლიტერატურის შედევრი.

©️ Intermedia.ge




კუდიანების დევნა

1450 წლიდან 1700 წლამდე ევროპაში დაახლოებით 100,000 ადამიანი შეეწირა ეგრეთ წოდებულ “კუდიანების დევნას”.

ჩრდილოეთი და ცენტრალური ევროპის უდიდეს ნაწილში მსხვერპლთა 75-80 პროცენტს ქალები შეადგენდნენ. “ტიპური” კუდიანი, როგორც ასეთი, არ არსებობდა. დადანაშაულებულთა და დაპატიმრებულთა შორის შეიძლება ყოფილიყვნენ როგორც 8-9 წლის ბავშვები, ისე მოხუცი ქალები. არ არსებობდა განმსაზღვრელი სოციალური კლასი: კუდიანად ბრალდებული შეიძლება ყოფილიყო როგორც ძალიან ღარიბი, ისე – მამულების მფლობელი, მკურნალ-ექიმბაში თუ ბებიაქალი, მათხოვარიც და ფერმერიც.

არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ იყვნენ ქალები კუდიანთა დევნის მთავარი სამიზნე. პირველ ყოვლისა, ამას ხელს უწყობდა მსოფლიოში გავრცელებული უძველესი რწმენა ჯადოქარი ქალების შესახებ, შერწყმული ევას მიზეზით კაცობრიობის სამოთხის ბაღიდან გამოძევების ბიბლიურ ნარატივთან. ითვლებოდა, რომ ქალებს მეტად აქვთ მიდრეკილება ეშმაკისეულისა და ბოროტ ძალთა ცდუნებისკენ.

ქალთა საგანგებო დევნას ხელი შეუწყო სოციალურმა და ეკონომიურმა ფაქტორებმაც. ქალები არ ჰქონდათ ძალაუფლება და ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ისინი ქმრებზე, მამებსა და მამაკაც ნათესავებზე იყვნენ დამოკიდებული, ხოლო თუ მამაკაცი ნათესავები არ ჰყავდათ, მათი ხვედრი ეკონომიკურად მარგინალიზება იყო და მათხოვრობით ან პროსტიტუციით უხდებოდათ თავის გატანა. ამ ტიპის ქალები უფრო მოწყვლადი იყვნენ კუდიანობაში დადანაშუალებისთვის, მათ არ ჰყავდათ ნათესავები, რომლებიც სასამართლოზე დაიცავდენ, ამგვარად, ისინი საზოგადოების შიშისა და აღშფოთების იოლი სამიზნე ხდებოდნენ.

კუდიანური “დანაშაული” საოჯახო სივრცეში ხდებოდა: ბავშვებისთვის ან საქონლისთვის ავადმყოფობის შეყრა, რძის აჭრა კარაქის დამზადებისას, ქმრებისა და შეყვარებულების წართმევა და სხვ. მკურნალები და ბებიაქალები უმეტესწილად ქალები იყვნენ, ამგვარად, როდესაც ავადმყოფი არ გამოჯანმრთელდებოდა ან მშობიარობა ცუდად დასრულდებოდა, მათ ჯადოს გაკეთებაში ადანაშაულებდნენ. იყო კიდევ ერთი კულტურულად განპირობებული ფაქტორი: მეზობლებთან ჩხუბისას და კონფლიქტისას ქალები უფრო ხშირად იყენებდნენ წყევლას, ხოლო მამაკაცები პირდაპირ ფიზიკური ძალით უსწორდებოდნენ ერთმანეთს. ეს კი კულტურაში, რომელიც სიტყვებს მაგიურ ძალას მიაწერდა, ქალთა ჯადოქრობაში დადანაშაულების კიდევ ერთი მიზეზი ხდებოდა.

დადანაშაულება შეიძლებოდა სასარგებლო ყოფილიყო არაკონფორმისტი ქალების მოთვინიერებისა და დამორჩილებისთვისაც. საბოლოოდ, ეშმაკისეული კუდიანის კონსტრუქტი თავად სოციალური სამყაროს ინვერსიას წარმოადგენდა – თუ ყოველდღიურ სამყაროში ძალაუფლებრივ ველში მამაკაცები დომინირებდნენ, ეშმაკისეულ დისტოპიაში ძალაუფლება ქალების ხელში იყო წარმოდგენილი. აქ ისინი მათთვის შესაფერის საოჯახო როლებს უკუღმა ასრულებდნენ: ცხოვრებისთვის საჭირო საქმეების კეთების ნაცვლად, როგორიცაა საჭმლის მომზადება, ბავშვებსა და ავადმყოფებზე ზრუნვა, ისინი ბავშვებისგან ამზადებდნენ კერძებს, ხარშავდნენ საწამლავს და იწვევდნენ ავადმყოფობებს; ქმართან მონოგამიური თანაცხოვრების ნაცვლად, სქესობრივ კავშირს ამყარებდნენ ეშმაკთან და დემონებთან, მონაწილეობდნენ ორგიებში.

კუდიანთა დევნის ყველა მსხვერპლი როდი იყო ქალი. ხშირად კუდიანად გამოცხადებული ქალების მამაკაცი ნათესავებიც აღმოჩნდებოდნენ ხოლმე სამიზნე. ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ინკვიზიცია ყველაზე ძლიერი იყო, მამაკაცებს უფრო ხშირად ერეტიკოსობაში ადანაშაულებდნენ, კუდიანობაში ბრალდებულ ქალებს კი მონანიების საშუალებას აძლევდნენ.

ფინეთსა და ისლანდიაში კი კუდიანობაში დადანაშაულებულთა შორის ქალებს მამაკაცები სჭარბობდნენ. ეს შეიძლება ადგილობრივი წეს-ჩვეულებების თავისებურებებით აიხსნას: აქ ადგილობრივი მაგიური პრაქტიკები მეტწილად მამაკაცთა მიერ სრულდებოდა და ამიტომაც ისინი უფრო მეტად ასოცირდებოდნენ მაგიასთან, ვიდრე ქალები.

კუდიანთა დევნის დროს ათიათასობით უდანაშაულო ადამიანი დაისაჯა სიკვდილით, ხოლო ასიათასობით შიშსა და ძრწოლაში ცხოვრობდა. ჩვეულებრივი ადამიანები ხშირად იყენებდნენ კუდიანობაში ბრალდებას მეზობლებზე შურის საძიებლად. პრაქტიკა ევროპიდან კოლონიებშიც გავრცელდა: ქრისტიანობის შესვლასთან ერთად ამერიკის კონტინენტებზეც დაიწყო კუდიანთა დევნა. კოლონიებში, ისევე, როგორც ევროპაში, ეჭვი უფრო ხშირად ქალებზე იყო მიმართული: სამიზნე შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილობრივი ხალხური მაგიის პრაქტიკოსი ან ჩვეულებრივი სოფლის ქალი.

მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებიდან ძლიერი ურბანიზაციისა და განმანათლებლობის გავლენით ჯადოქრობაში ბრალდებები წარსულს ჩაბარდა. თუმცა კუდიანების არსებობის რწმენას და ჯადოს მოხსნის პრაქტიკებს ოცდამეერთე საუკუნეშიც არაერთგან შეიძლება წავაწყდეთ.

ნინი არაბული.

წყარო: ლიგა




თემიდა, იუსტიცია, კარმა…

თემიდა – სამართლიანობის ქალღმერთი

თემიდას ეძახდნენ ბერძნები, იუსტიციას რომაელები, ხოლო აღმოსავლეთით, ამ ქალღმერთს  ეძახდნენ კარმას.

ვინაა ქალღმერთი თემიდა/იუსტიცია?

ესაა ზევსის ერთ-ერთი ცოლი – ტიტანიდა თემიდა, რომელიც გადავიდა ღმერთების ხარისხში.

ზევსს ყავს სამი ცოლი – გერა, დემეტრია და თემიდა.

გერას ვხედავთ ზევსთან ერთად ყველა  მის გამოსახულებაში, ესაა მთავარი მისი ცოლი, ასტროლოგები მას გამოსახავდნენ ყოველთვის ლომის ნიშნის ქვეშ.

თემიდა საკმაოდ რთული ქალღმერთია, მასთან მუშაობა საკმაოდ სახიფათოა, ეს ქალღმერთი მართავს სამყაროს სამართლიანობას. როდესაც მივმართავთ თემიდას მა მას ვთხოვთ გაუგზავნოს  სამართლიანი სასჯელი ჩვენს მტრებს, ჩვენ უნდა ვიყოთ მთელი 100%-ით დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენი მტრების წინაშე ჩვენ მართლები ვართ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვითხოვეთ უდანაშაულო ადამიანის დასჯა, ძალიან დიდი შანსია, რომ თემიდამ ჩვენ დაგვსაჯოს.

თემიდა ჩვენი სასამართლოს სიმბოლოცაა – სამართლის მომტანი ქალღმერთი.

სიტყვა კარმა, რომელიც ძალიან ბევრს ცოტა არასწორედ ესმის და აღიქვავს ამას მხოლოდ როგორც გარდასახვას და ხსნის ისე, თითქოს ჩვენ ვიხდით წარსული ცხოვრებიც ცოდვების მიხედვით, სინამდვილეში კარმა მხოლოდ სამყაროს სამართლიანობაა, თემიდას აღმოსავლური სახე.

თემიდას მამა, ერთი ვერსიით ურანი იყო, მეორე ვერსიით ის ქაოსში იყო დაბადებული, დედა მისი იყო დედამიწა – გეა, მისი და-ძმანი არიან კრონი, რეა, იონი, ტაია, ოკეანი, ტეფიდა… ესენი სულ მისი და-ძმანი არიან, ტიტანები. გახსოვთ ალბათ ტიტანომახიაც. 

თემიდას შვილებიც ყავს ზევსისგან და არა მხოლოდ ზევსისგან, ღმერთები და ნახევრადღმერთები. ერთ-ერთი მისი შვილი არის ნემეზიდა – შურისძიების (სამაგიეროს გადახდის) ქალღმერთი. როგორც ცნობილია თემიდა ხშირად მას მიმართავს აგზავნის ხოლმე მათთან, ვის დასჯასაც გადაწყვიტავს.

თავდაპირველად თემიდას გამოსახულებას ჩვენ ვხვდებოდით თვალღიას და ხელში მას ეჭირა სიუხვის რქა, საიდანაც ის სიუხვეს ურიგებდა გაჭირვებულადამიანებს და ამით ამკვიდრებდა სამართლიანობას დედამიწაზე. მოგვიანებით სამართლიანობამ მიიღო უკვე სადამსჯელო ხასიათი და ახლა მას ვხედავთ ხმლითა და სასწორით ხელში სამართლის ასაწონად და თვალებახვეულს, როგორც მიუკერძოებელ ქალღმერთს.

მისი ერთ-ერთი და – მეტიდა, არის სიბრძნის ქალღმერთი, რომელიც ასევე ეხმარება მას სამყაროს სამართლიანობისა და წონასწორობის დაყარებაში და ასევე მისი შვილები – ევნამირი (კეთილსინდისიერება), დიკეა (სამართლიანობა), ერენა (მშვიდობა), ლახესისი (ბედისწერა) და  ატროპოსი (შეუქცევადობა). მისი ერთ-ერთი შვილი, ჩვენთვის ცნობილი პრომეთეა, რომელმაც ცეცხლი მოუტანა ადამიანებს, როგორც ამბობენ დედის მითითებით. ცეცხლში სინათლე, ცოდნა და განათლება იგულისხმება რა თქმა უნდა – რისთვისაც ის დაისაჯა კიდევაც.

გაიხსენეთ კავკასიის კლდეზე მიჯაჭვული ამირანი და ჩვენი დღესასწაული – ,,ამირანობა“, ამირანი პრომეთეს პროტოტიპია.




სიკვდილის ანგელოზის საბედისწერო ბეჭედი

და უთხრა უფალმა სიკვდილის ანგელოზს: “წადი, მომიტანე მოსეს სული”.

და სიკვდილის ანგელოზი წამოდგა და გამოვიდა მოსესთან შესახვედრად …

და მას მოსემ ჰკითხა: “რას აკეთებთ აქ?” სიკვდილის ანგელოზმა მოსეს უპასუხა: ”ცათა და დედამიწის ღმერთმა, რომლის ხელშია თითოეული ცოცხალი არსება და თითოეული ადამიანის სული, გამომაგზავნა, რომ შენი სული მივუტანო”….

სიკვდილის ანგელოზები:

მთავარანგელოზი მიქაელი – წერილებში მითითებულია როგორ გადაყავს ადამი,

მთავარანგელოზი გაბრიელი – რჩეულთა სულების თანმხლები ანგელოზი,

მთავარანგელოზი სამაელი – წერილებში მოიხსენიებენ როგორც ჯოჯოხეთის ანგელოზს,

მთავარანგელოზი აზრაელი – იმ ქვეყნად სულების გადამყვანი ანგელოზი.

მეგობრებო, ზოგჯერ ადამიანები იბადებიან სპეციფიკური საბედისწერო ნიშნებით. ამას ჩვენი ბებია/ბაბუები ბედის ბეჭედს ეძახდნენ, ,,რას ვიზავთ, ასეთი ბედის ბეჭედი დაასვა განგებამო” – იტყოდა ხოლმე ბებიაჩემი…

სიკვდილის ანგელოზის შვილებად მიიჩნევიან ბავშვები, რომელთა დაბადებაც მათ დედებს არ სურდათ, აპირებდნენ აბორტის გაკეთებას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო ან ვერ შეძლეს, ან დააგვიანდათ და ექიმებმა უარი თქვეს, ან ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. ასეთი ბავშვები არიან მაგალითად ის არასასურველი ბავშვები, რომლებსაც არ ელოდებოდნენ და ჩაისახნენ სხვადასხვა შემთხვევითი კავშირების შედეგად, მოტყუებით დაფეხმძიმებული გოგონები, ძალადობის შემდეგ ჩასახული ბავშვები  იბადებიან ასეთი საბედისწერო ნიშნებით. ძვირფასო ქალებო, მინდა გითხრათ, რომ როდესაც თქვენ უკვე გადაწყვიტეთ გაიკეთოთ აბორტი, წახვედით ექიმთან, მოელაპარაკეთ კონკტერულ დღეზე – ამ გადაწყვეტილებას თქვენი და ექიმის გარდა ისმენს პირველ რიგში თქვენი შვილიც, მაგრამ რაც მთავარია ისმენენ ის ძალები, რომლებიც უნდა მოვიდნენ და წაიყვანონ ეს ჩასახული სული იქ, იმ ქვეყნად… და აი როდესაც თქვენ, საავადმყოფოს კართან მისული, სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიფიქრეთ აბორტის გაკეთება და ფიქრობთ, რომ გადაარჩინეთ და შეინარჩუნეთ ბავშვი და ცდილობთ დაივიწყოთ ეს კოშმარი და იცხოვროთ ბედნიერად – ეს ძალები არ ივიწყებენ ამას, ისინი მოვიდნენ უკვე მის წასაყვანად, ის სული უკვე მათია, ისინი ,,მიეწებნენ“ მას და მინდა გითხრათ, რომ ეს ძალები ხელცარიელები უკან არ მიდიან არასოდეს. მათ ეს დავალება შესასრულებელი აქვთ. თქვენ ხომ ემზადებოდით ამისათვის, მაგრამ მერე რატომღაც გადაიფიქრეთ, აი როდესაც ემზადებოდით, თქვენ გამოიძახეთ ეს ძალები, თქვენ გაწირეთ უკვე ეს ბავშვი და ისინიც მოვიდნენ გარკვეული დავალებით. ამიტომ ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ ეს დავალება შეასრულონ – მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. ალბათ იცით, რომ ჩვენი ცხოვრება ამ სულებისთვის წამებია, წუთი… მათ სხვა განზომილება აქვთ. სიკვდილის ანგელოზი ასეთ დროს ეწებება ადამიანს დაბადებიდანვე და დაყვება მას მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, სანამ არ წაიყვანს მას. და როგორ უნდა წაიყვანოს რაც შეიძლება ადრე? უნდა მიიყვანოს სიკვდილამდე! რითი? – ავადმყოფობებით, კოშმარით, კატასტროფებით, ყველაფრის დანგრევით, დაშლით, დაკარგვით, სუიციდამდე მიყვანით. როგორ გამოიხატება ახლა ეს ნიშანი ადამიანის ცხოვრებაში: ასეთი ადამიანები ხშირად ავადმყოფობენ დაბადებიდანვე. თან ავადმყოფობენ მძიმე დაავადებებით და როგორც წესი მათი შემდგომი გართულებებით. შეიძლება მთლად ჩვილობიდანვე არა , მაგრამ მცირეწლოვნებიდან დაიწყოს მისი ავადმყოფობის ისტორია. მთავარი ისაა, რომ ასეთი ადამიანები გამუდმებით ებრძვიან ტკივილებს, გამუდმებით ებრძვიან სხვადასხვა სენს, მათი ცხოვრება ბრძოლაა გადარჩენისთვის, მთელი შემოსავლები მიდის ექიმებში, წამლებში, ერთი დაავადება მთავრდება და იწყება მეორე… ასე გატანჯულ ადამიანს უქრება ყოველგვარი სურვილი შექმნას ბედნიერი ოჯახი, აკეთოს საინტერესო საქმე, გაიკეთოს კარიერა…როგორც წესი,  ასეთი ადამიანები მთელი თავისი ცხოვრება ებრძვიან მძიმე სენს და ტანჯვას. მათი ცხოვრება გამოცხადებული ომია სიკვდილთან და ისინი ხშირად გამოსავალს ხელოვნებაში პოულობენ. ავადმყოფობისგან გამოწვეული ტკვილების გადასაფარად, ისტორიაში იქმნებოდა უნიკალური ხელოვნების შედევრები. ახლა მახსენდება მაგალითად პუშკინი, რომელიც მთელი ცხოვრება იტანჯებოდა სხვადასხვა დაავადებებით და ის თავის წერილში, მის ლექსზე – შემოდგომაზე, წერს როგორ იტანჯება ის ქრონიკული სახსრების ტკივილებით და როგორ ურთულდება მას ეს განსაკუთრებით შემოდგომის დროს, მაგრამ მაინც როგორ ელოდება და როგორ უყვარს წელიწადის ეს დრო. ის, რომ ეს ადამიანები სიკვდილის შვილები არიან დაბადებიდანვე, გამოიხატება მათ ცხოვრებაში მომხდარი მრავალჯერადი კატასტროფებით, ისეთი რაოდენობითა და სიხშირით, რომ ადამიანი შეიძლება მივიდეს სუიციდამდეც. ასეთი ადამიანების ცხოვრება მუდმივად  დატვირთულია ტრაგედიებით, დანაკარგებით, ახლობლების სიკვდილით, სამსახურის მუდმივი დაკარგვით, ასეთ ადამიანებზე ხშირად გარშემომყოფები ამბობენ, რომ ისეთი შეგრძნება რჩებათ, თითქოს სიკვდილი მათ დაყვებათ კუდში და მათ წაყვანას ლამობს ნებისმიერი ხერხებით.

საკმარისია ამ ადამიანს მოეწონოს რამე, დაიჯეროს რაიმესი და მის ცხოვრებაში ინგრევა და იშლება ის რაც მოეწონა და რისიც დაიჯერა. ეს ძალები ცდილობენ მუდმივი ადამყოფობებით დაანგრიონ მისი სხეული, რათა რაც შეიძლება მალე შესძლონ მისი სულის განთავისუფლება და წაყვანა. არის კიდე მეორე პრობლემა – როდესაც ფეხმძიმე დედა, ოჯახში უსიამოვნების შედეგად წყევლის მის მდგომარეობას და ჯერ კიდევ არ დაბადებულ ბავშს… ალბათ გაგიგონიათ როცა უთქვამთ: ამ ფეხმძიმობის გამო იძულებული ვარ დავრჩე ამ ოჯახში, ბავშვით სად წავიდე, წყეულიმც იყოს ის დღე, როცა დავფეხმძიმდი…“ არ ითამაშოთ თქვენი შვილის სიცოცხლით, თუ გადაწყვიტეთ აბორტის გაკეთება გაიკეთეთ, რასგან ამ დროს თქვენ იძახებთ ამ ძალებს და ისინი ეწებებიან თქვენი შვილის სულს და სანამ არ წაიყვანენ არ გაჩერდებიან.

 მოკლედ, მეგობრებო, ასეთ ძალებს არ ახასიათებთ არანაირი გრძნობები, არც შეცოდება, არც სიყვარული, არც სიძულვილი, ისინი მოვიდნენ კონკრეტული დავალების შესასრულებლად და ამ დავალების რაც შეიძლება ადრე შესასრულებლად გააკეთებენ ყველაფერს.

ამ ტვირთს, ეს ადამიანები ატარებენ მანამ, სანამ მას ამ ბეჭდისგან არ გაანთავისუფლებს ამ საქმის მცოდნე სპეციალისტი.