მეორე ნაწილი
მე დამეწყო ნერვიული კანკალი. ვიცოდი, რომ შიშის გამოვლენის შემთხვევაში არ გაგვიშვებდნენ ცოცხლებს, ამიტომ სიმშვიდე შევინარჩუნე და ჩემს გუნდს ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყვნენ და კონცერტი გაეგრძელებინათ, ეს იყო ჩვენი ერთადერთი გამოსავალი. ჩემი გუნდის ერთ-ერთმა მუსიკოსმა, როცა დაინახა, რომ გოგონა უგონოდ დაეცა, მოვიდა ჩემთან და მკითხა, თუ რა მოხდა? მე დავძლიე ჩემი შიში და ვუპასუხე, რომ ეს უბრალოდ დაღლილობა იყო, მას მხოლოდ ცოტა დასვენება სჭირდებოდა და ჩვენ ჩვენს დასასვენებელ ოთახში წავედით და გოგონა იქ გადავიყვანეთ… რაღაც მომენტში გოგონა გონს მოვიდა და მიყვირა: „დაინახე მათი ფეხები? რა არის ეს?” მე ვუპასუხე, რომ მეც დავინახე ყველაფერი ის, რაც მათ ყველამ დაინახეს, მაგრამ ჩვენ უნდა გაგვეგრძელებინა ჩვენი კონცერტი, რათა აქედან უვნებლებს გაგვეღწია – ,,ასე, რომ არაფერი აგრძნობინოთ მათ, აქ რაც არ უნდა დაინახოთ. ვფიქრობ, ჩვენ მოვხვდით უწმინდურ არსებებთან, გარიჟრაჟი მხოლოდ ორი საათის შემდეგაა, ასე რომ მოდით გავძლოთ ეს ორი საათი როგორმე“- ვუთხარი მე და ყველა დამეთანხმა.
ჩვენ ყველანი სცენაზე დავბრუნდით და გავაგრძელეთ ჩვენი გამოსვლა. მე ვცდილობდი ნორმალურად მემღერა და ჩვენ ვასრულებდით ჩვენს რეპერტუარს ბოლომდე მანამ, სანამ მათი ქცევა სიგიჟემდე არ მივიდა.
ისინი ცეკვავდნენ უცნაურ ცეკვებს და გამოსცემდნენ ძალიან უცნაურ ხმებს, ხოლო როდესაც ხტოდნენ, მათი ფეხები ისევ ისეთი საშინელი თხის ჩლიქები იყო… ამ სანახაობის შემყურე ერთ-ერთმა მუსიკოსმა ვეღარ მოითმინა და შიშისგან ხმამაღლა შეჰყვირა, რის მერეც ყველა შემობრუნდა ჩვენსკენ და მე შიშისგან ადგილზე გავშეშდი. საფრთხე უკვე რეალური იყო და მე შევღაღადე ალაჰს, ვთხოვე გადავერჩინეთ და თუ ეს ასე მოხდებოდა, მე აღარასდროს ვიმღერებდი… ამის წარმოთქმა იყო და იმავე წამს გავიგონე ყველაზე ლამაზი რამ მსოფლიოში – დილის აზანი. როგორც კი გაისმა დილის ლოცვა, ჩვენს თვალწინ ყველაფერი გაქრა და ჩვენ გავიქეცით.
მე უნდა მაშინვე მივმხვდარიყავი ვინ იყვნენ ჩვენი მასპინძლები სინამდვილეში, როცა იქ მივედი და დავინახე უცნაური სახლი და ასევე უცნაური ხალხი ჩემს ირგვლივ, უნდა დამეჯერებინა ჩემი წინათგრძნობისთვის. ან როცა ამ ქალმა მაკოცა და სახე ქვასავით მძიმე ჰქონდა, რაც სულაც არ შეიძლებოდა ადამიანისთვის ნორმალური ყოფილიყო. ან როცა მათი ყურადღება მუსიკამ მიიპყრო და ყურში ხმა ჩამჩურჩულებდა: „გააგრძელე, მე მიყვარს შენი მუსიკა“. ან როცა ჩვენი ოთახი გვაჩვენეს, რომელიც ისე გამოიყურებოდა, თითქოს ასი წელია, იქ არავის უცხოვრია, ძველი მატრასისა და მტვრის სუნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ!
ეჭვი და შინაგანი შიში სულ მაწუხებდა, მაგრამ მაინც არ მინდოდა ამის დაჯერება, სანამ საკუთარი თვალით არ დავინახე მათი ფეხები.
ჩვენ გავრბოდით რაც შეგვეძლო სწრაფად, სანამ ჩვენსკენ მომავალი მამაკაცი არ დავინახეთ, ის გვიყურებდა და ჩვენ მას ვუყურებდით. მან გვკითხა, თუ რას ვაკეთებდით აქ, ამ ძველ მიტოვებულ სახლში? მე ვერ მივხვდი, რაზე ლაპარაკობდა ის, სანამ არ შემოვბრუნდი და არ დავინახე, რომ თანამედროვე განათებული და საზეიმოდ მორთული სახლის ნაცვლად, რომელშიც ცოტა ხნის წინ ვიყავით, ახლა უკვე ნანგრევები იდგა. ჩვენ მოვუყევით მას რაც თავს გადაგვხვდა. კაცმა მოგვისმინა ყურადღებით და გვითხრა, რომ
„ფაქტიურად, ეს სახლი ასი წლისაა და როგორც ცნობილია, მასში ჯინები ცხოვრობენ“.
იმ დღიდან მე ლოცვა არ გამომიტოვებია და აღარც სცენაზე მიმღერია.
სად არიან ახლა ჩემი გუნდის წევრები და რითი არიან დასაქმებულები, მე ეს არ ვიცი.