კუდიანების წამება ქართულ და ჩრდილოეთ კავკასიის გადმოცემებში

ვ. ლომინაძის ცნობით, კუდიანისთვის ფიზიკური წამების მიყენება დანაშაულად კი არ ითვლებოდა, არამედ ღვთის მაამებელ საქმედ მიაჩნდათ. საზოგადოებას, რომელსაც სწამდა კუდიანთა არსებობა, დემონურ არსებათა მიმართ განსაკუთრებული შიში ამოძრავებდა. ადამიანები ყვებოდნენ შემაძრწუნებელ ისტორიებს კუდიანთა ვნებებზე. ამიტომაც, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კუდიანებისგან თავის დასაცავად ხალხი უსაფრთხოების სასტიკ ზომებს იღებდა. დემონური ძალების მიმართ შიშს თან სდევდა კოლექტიური ძალების გააქტიურება.

ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთ სოფელში კუდიანობაში ეჭვმიტანილს XIX საუკუნის მეორე ნახევარშიც კი, ზოგჯერ, სიკვდილით სჯიდნენ. ამ ტიპის გადმოცემები რეალურ ისტორიებზეა აგებული. უფრო სწორად, კუდიანობაში შემჩნეული ადამიანები და მათი დამსჯელები, რეალურად ცხოვრობდნენ იმ სოფლებში, რომლებზეც გადმოცემები მოგვითხრობენ.

კუდიანის გამოტეხასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ სიახლოვეს ამჟღავნებს ქართულ (ხევსურულ) ტექსტებთან ჩეჩნური გადმოცემა. ხევსურული ანდრეზის მიხედვით, კუდიანთა შეკრებაზე მისულ ქალს ავსულებმა საკუთარი შვილის მოკვლა უბრძანეს, ხოლო ჩეჩნურ თქმულებაში სიძის მოკვლა. ორივე გადმოცემას აქვს ერთი და იგივე სიუჟეტი. ვაჟიც და სიძეც საიდუმლოდ ესწრებიან კუდიანთა შეკრებას. ისინი საკუთარი ყურით მოისმენენ კუდიანთა სასტიკ განაჩენს და თავდაცვის ზომებსაც თვითონვე მიიღებენ. ორივე ტექსტში, როგორც ხევსურულ, ისე ჩეჩნურ გადმოცემაში, კუდიანი ბუზად იქცევა და ცდილობს ავნოს ერთ შემთხვევაში საკუთარ შვილს, მეორე შემთხვევაში სიძეს. ვაჟები შეიპყრობენ ბუზს, რადგან იციან, რომ მასში კუდიანის სულია. ხევსურულ გადმოცემაში კუდიანი დედა „ჯარას ძაჴს“, როცა ვაჟი ბუზს ხელს მოუჭერს, „დადგებიან ჯარან“. დედა ეხვეწება ვაჟს, რომ ბუზი გაუშვას. ვაჟი აიძულებს დედას, გამოტყდეს კუდიანობაში. ქალი გადის ბანზე და ხმამაღლა იძახის: „გატეხილ ვარივ, კუდიან ვარივ!“. ჩეჩნურ გადმოცემაში უფრო დრამატულად ვითარდება სიუჟეტი. ვაჟი ქისაში ათავსებს ბუზს, რომელშიც კუდიანი სიდედრის სულია. მან ხელი მოუჭირა ქისას და დაინახა, რომ სიდედრს გული შეუღონდა. მან ოდნავ გაშალა ხელი და სიდედრი კვლავ გონს მოვიდა. „ესე იგი სიმართლე ყოფილა, ეს კუდიანია“ – გაიფიქრა ბიჭმა. ის თავის ცოლთან წავიდა და უამბო, რაც შეემთხვა. ცოლმა გამოართვა ქისა, გამოვიდა კოშკიდან და ბუზი ფეხით გასრისა. როცა კოშკში დაბრუნდა, ქალმა თავისი დედა გარდაცვლილი ნახა.

გადმოცემებიდან ირკვევა, რომ კავკასიაში კუდიანთა დევნის, გამოვლენისა და გამოტეხის დადგენილი და ჩამოყალიბებული მეთოდები არსებობდა. ფშავში მიაჩნდათ, რომ კუდიანებს ჰქონდათ თითის სიგრძე კუდი. ამიტომ ეჭვმიტანილს ძალით აშიშვლებდნენ და წყალში სვამდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ თუ „შემჩნეულს“ კუდი ჰქონდა, ის წყალში უეჭველად გამოჩნდებოდა. თუ ეჭვმიტანილს კუდი მართლაც აღმოჩნდებოდა, ის უნდა გამოტეხილიყო, რათა კუდიანისთვის დამახასიათებელი თვისებები დაეკარგა.

ჩერქეზეთშიც, ისევე როგორც მთელ კავკასიაში, კუდიანებს უმოწყალოდ დევნიდნენ და აწამებდნენ. ლ. ლიულეს ცნობით, ჩერქეზებს ჰყავდათ განსაკუთრებული სტატუსის მქონე მკითხავი (ცისიუო), რომელიც, მათი აზრით, ფლობდა კუდიანის ამოცნობის უნარს. როცა ფიქრობდნენ, რომ ავადმყოფობის ან სხვა სახის უბედურების მიზეზი შეიძლება ჯადოქრობა ყოფილიყო, მაშინ კუდიანის ამოსაცნობად მოუწოდებდნენ ცისიუოს, რომელსაც მთავარი ინკვიზიტორის ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული. კუდიანობასა და ჯადოქრობაში ეჭვმიტანილი მის წინაშე უნდა წარედგინათ. ცისიუო ან დაადასტურებდა მის დანაშაულს კუდიანობაში, ან მის უდანაშაულობას დაამოწმებდა და ასეთ შემთხვევაში მას ათავისუფლებდნენ სასჯელისგან. მაგრამ თუ კუდანობაში მხლებული საზოგადოების წინაშე არ გამოტყდებოდა და არ აღიარებდა თავის დანაშაულს, მას აწამებდნენ. ეჭვმიტანილს სვამდნენ ორ აგიზგიზებულ კოცონს შორის. ამავდროულად კუდიანობაში ბრალდებულს აიძულებდნენ ეჭამა საგანგებოდ მის გამოსატეხად დაკლული შავი ძაღლის შემწვარი ღვიძლი. საცოდავი მსხვერპლი, კუდიანობაში მხილებული, ნატანჯი ამგვარი წამებით, იძულებული ხდებოდა გამოტეხილიყო და ეღიარებინა ის, რაშიც ადანაშაულებდნენ. როგორც კი ძაღლის შემწვარი ღვიძლი გამოიწვევდა მასში გულისრევას, ხალხი რწმუნდებოდა, რომ კუდიანობაში ბრალდებული ამოანთხევდა მთელ ბოროტებას, რომელიც მასში იყო დამალული. როცა ამ სახით დამნაშავეში მოსპობდნენ ჯადოსნობის უნარს, კუდიანს აფიცებდნენ, რომ ის სამუდამოდ გაწყვეტდა კავშირს უდებთან და მას ათავისუფლებდნენ.

ლ. ლიულეს ცნობით, XIX საუკუნის 30-იან წლებში ჩერქეზეთში კუდიანების დევნა კვლავ გრძელდებოდა. მეცნიერის ჩერქეზეთში მოგზაურობის დროს ჯერ კიდევ ტარდებოდა ე. წ. „საინკვიზიციო პროცესები“ კუდიანთა გამოსავლენად. ლ. ლიულე წერს:

“1836 წელს, როდესაც ეკატერინოდარში ვიმყოფებოდი, გავიგე, რომ ხამიშელების მეზობლად მცხოვრები ხალხი, რომელთა აულებიც კარგად მოჩანს ყუბანის გაღმიდან, შეშფოთებული იყვნენ სხვადასხვა დაავადების გაჩენით. ისინი სენის გავრცელებას კუდიანებს (უდებს) მიაწერდნენ. მათ მოიწვიეს ცისიუო და ეს საინკვიზაციო კომისია გადადიოდა აულიდან აულში დამნაშავეთა გამოსავლენად”.

კუდიანთა გამოსავლენად და გამოსატეხად ცისიუოს მსგავსი ინკვიზიტორის ცოდნას საქართველოშიც რომ იყენებდნენ, ჩანს კ. ბოროზდინის ნაშრომიდან, რომელიც 3KOИPГO-ს მე-7 ტომში 1866 წელს დაიბეჭდა. კუდიანებთან დაკავშირებით ის ერთ დრამატულ ისტორიას იხსენებს, რომელსაც XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, თურქეთთან ომის შემდეგ (ავტორი უნდა გულისხმობდეს ალბათ რუსეთ-ოსმალეთის 1853-1856 წწ ომს), სამეგრელოში ჰქონია ადგილი. ზუგდიდის მახლობელ სოფლებში საქონლის ეპიდემია გავრცელებულა. პირუტყვის მასობრივ განადგურებაში ადგილობრივ მოსახლეობას კუდიანებზე მიუტანია ეჭვი. მათ სამურზაყანოდან ვიღაც თურქი მოუწვევიათ, რომელიც განთქმული ყოფილა კუდიანების გამოვლენაში. თურქს მოხუცი ქალების მოქუჩება და მათი წყალში ჩაყრა მოუთხოვია. ის ქალები, რომლებიც წყალში ჩაძირულან, თურქს უდანაშაულოდ უცვნია და გაუშვია. მაგრამ ქალებს შორის აღმოჩენილა რამდენიმე უიღბლო დედაკაცი, რომლებიც, შეიძლება, კაბამ არ ჩაძირა წყალში და ისინი კუდიანებად უღიარებიათ. ამის შემდეგ, თურქის განკარგულებით, ქალები აუძულებიათ ორ უზარმაზარ კოცონს შორის წინ და უკან ერბინათ, სანამ არ აღიარებდნენ კუდიანობასა და მონაწილეობას საქონლის განადგურებაში. ამ წამების დროს ორი ქალი ცოცხლად დამწვარა. კ. ბოროზდინის ცნობით, „როცა ეს ამბავი სამეგრელოს ხელისუფლების ყურამდე მივიდა, მათ დიდი შრომა დასჭირდათ იმისათვის, რომ, ჯერ ერთი, შეეწყვიტათ ეს auto da fe და, მეორეც, მართლმსაჯულებისთვის გადაეცათ თურქი ავანტიურისტი, რომელსაც ხალხი არ თმობდა. საბოლოოდ ის წესისა და კანონის დაცვით ნერჩინსკში (ციმბირში) გააგზავნეს“. კუდიანთა გამოტეხის მსგავს სიტუაციას აღწერს მ. მაშურკოც. მისი ცნობით, 1853 თუ 1854 წელს ჯიხაიშსა და მთელ მის შემოგარენს საშინელი შიმშილი და მოუსავლიანობა დასტყდომია, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას კუდიანებისთვის დაუბრალებია. საერთო კრებაზე მათ პარაკლისის ჩატარების გადაწყვეტილება მიუღიათ. პარაკლისს კი ოთხი სოფლის – ჯიხაიშის, კულაშის, იანეთისა და ეცერის – მოსახლეობა უნდა დასწრებოდა. ორგანიზატორებს წინასწარ ისიც გამოუცხადებიათ, რომ ვინც პარაკლისს არ დაესწრებოდა, კუდიანად ჩაითვლებოდა. რადგან სხვადასხვა მიზეზით ბევრი ადამიანი წირვას ვერ დაესწრო, პატარა მდინარე გუბისწყალთან კიდევ ერთი შეკრების დღე დაუნიშნავთ. იქ უნდა მოეყვანათ ისინი, რომლებიც პარაკლისზე არ გამოცხადნენ. დანიშნულ დღეს დიდძალი ხალხი შეიკრიბა. იქ იყვნენ გლეხებიც, აზნაურებიც და თავადებიც. მ. მაშურკო დაწვრილებით აღწერს ეჭვმიტანილთა წყალში ჩაყრით კუდიანების გამოვლენის წესს:

მდინარეზე გადეს ორი მორი, რომლებზეც ორ-ორი კაცი დააყენეს. კუდიანობაში შემჩნეულებს შეუკრეს ხელები, მუხლებს ზემოთ გაუკრეს ფეხებიც. შემდეგ ჩააბეს თოკი და ჩაუშვეს წყალში. როგორც წესი, ვინც წყალში ჩაიძირა, ის გათავისუფლდა კუდიანობაში ბრალდებისგან. მაგრამ ისინი, რომლებიც წყლის ზედაპირზე გაჩერდნენ, კუდიანებად მიიჩნიეს. ასეთები კი, მ. მაშურკოს ცნობით, ნაპირზე გამოჰყავდათ და დაღავდნენ, ე. ი. სხეულის რბილ ნაწილზე გავარვარებულ ნალს ადებდნენ. მ. მაშურკო იმასაც აღნიშნავს, რომ იმ დროს რაჭის მაზრაში კვლავ სრულდებოდა კუდიანის დადაღვის ასეთივე ცერემონია, რომელსაც მოხუცები ხელმძღვანელობდნენ. კუდიანობაში ბრალდებულს ისინი გავარვარებული რკინას შუბლზე ადებდნენ.

ვ. ლომინაძეც ადასტურებს კუდიანობაში ბრალდებულის დადაღვის ფაქტებს. კუდიან ქალებს დაღავდნენ, რათა ყველას შეძლებოდა გარეგნული ნიშნით მათი ამოცნობა. მისივე ცნობით, ზოგიერთ მიგდებულ და მიყრუებულ სოფელში ამ არაადამიანურ ღონისძიებას ისევ მიმართავდნენ.

ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალა კუდიანთა გამოსავლენად საქართველოს ზოგიერთ კუთხეში მტკიცედ დადგენილი და ჩამოყალიბებული წესების არსებობას ადასტურებს. დაკითხვისას, თუ ეჭვმიტანილი არ გამოტყდებოდა და არ აღიარებდა თავის კუდიანობას, მას აწამებდნენ ისე, როგორც თავის დროზე ინკვიზიციას ჰქონდა დაწესებული. აქედან გამომდინარე, ზ. კიკნაძე კუდიანის გამოტეხის ხალხში გავრცელებულ წეს-ჩვეულებას „ხალხურ ინკვიზიციას“ უწოდებს. მას საილუსტრაციოდ მოჰყავს ჯ. ნოღაიდელისა და მ. ნადარაიას ჩანაწერებში დაცული ცნობები კუდიანობაში ეჭვმიტანილის წამებით გამოტეხის შესახებ. ინკვიზიცია, პირველ რიგში, საზოგადოების დაკვეთას ასრულებდა. ამ საზოგადოებას სჯეროდა, რომ ნამდვილად არსებობდნენ კუდიანები, რომლებიც ათასგვარ ბოროტებას ჩადიოდნენ. შესაბამისად, კუდიანთა დევნა და წამება მათ უმაღლეს სამართლიანობად მიაჩნდათ. კუდიანების დევნამ ინკვიზიციის სახით ორგანიზებული სახე დასავლეთ ევროპაში მიიღო. არ ვიცით, საქართველოში ოფიციალურად ინკვიზიცია იყო თუ არა. ამის შესახებ ისტორიული ცნობები არ მოგვეპოვება. უნდა ვიფიქროთ, რომ ქართულ ხალხურ ტრადიციაში კუდიანთა დევნის სტრუქტურა შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებულ პრაქტიკას დაეფუძნა, რომელმაც მთელი ევროპა და მათ შორის საქართველოც მოიცვა.

ხვთისო მამისიმედიშვილი

წყარო: ლიგა




ინკვიზიცია

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (381 წლის თევდოსის ედიქტი), წამოიჭრა იმპერიის მთლიანობის დაცვის პრობლემა რელიგიის ერთიანობის გზითაც. ეკლესიის ზოგიერთმა მამამ, მათ შორის წმიდა ავგუსტინემაც, გაამართლეს არამართლმორწმუნე თუ ერეტიკულ სწავლებებთან ბრძოლის მიზნით იძულების გამოყენება. IV-V საუკუნეებიდან სახელმწიფო ერეტიკოსებს (ერეტიკოსი –

მონათლული ადამიანი, რომელიც, მიუხედავად ქრისტიანის სახელის შენარჩუნებისა, უარყოფს ან ჯიუტად ეჭვქვეშ აყენებს ღვთაებრივი და კათოლიკური სარწმუნოების რომელიმე ჭეშმარიტებას.) სჯიდა გადასახლებით, ქონების კონფისკაციითა და დაპატიმრებითაც კი.

თვით ინკვიზიცია კი მოგვიანებით დამკვიდრდა. 1184 წელს ლუციუს III-მ დაამკვიდრა საჯარო ბრალდებასთან შედარებით უფრო სწრაფი პროცედურა და დაავალდებულა ეპისკოპოსები, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ პირადად ან რწმუნებულთა მეშვეობით მოენახულებინათ ერესით შებღალული საკრებულოები და ფიცის ქვეშ მოესმინათ სანდო პირთა ჩვენებანი. თავდაპირველად უშუალოდ ეპისკოპოსის მოვალეობას წარმოადგენდა ბრალდებულთა მოძიება (inquisitio), მათი ეკლესიასთან შემორიგება ან, თუკი ერეტიკულ იდეებზე უარს არ იტყოდნენ, დასჯა.

ალბიგოელთა წინააღმდეგ მოწყობილი კამპანიის შემდეგ ტულუზის გრაფმა რაიმუნდ VII-მ, მეფე ლუი I-მა და პაპის ლეგატმა ხელი მოაწერეს პარიზის ტრაქტატს (1229), რომელიც ინკვიზიციათან დაკავშირებით სახელმწიფოს დახმარებას აღუთქვამდა ეკლესიას. იგივე პოზიციას იზიარებდა აგრეთვე ფრიდრიხ II. ამგვარად მოხდა, რომ 1231 წლის შემდეგ გრიგოლ IX-მ ევროპაში ჩამოაყალიბა ინკვიზიციის სასამართლოთა ქსელი, რომელთაც მუდმივი ინკვიზიტორები ხელმძღვანელობდნენ, უმთავრესად ეს იყვნენ ერესის ნებისმიერ დანაშაულებასთან დაკავშირებით სრული იურისდიქციის მქონე ფრანცისკელი და დომინიკელი მოწესეები.

ინკვიზიციის დროს გამოყენებული პროცედურები ნიკოლა ეიმერიკისა და ბერნარდო გის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოთა მეშვეობით გახდა ჩვენთვის ცნობილი. ინკვიზიციის სასამართლოს წინაშე ადამიანის გამოსაძახებლად ან დასაპატიმრებლად საკმარისი იყო საჩივარი, ეჭვი ან უბრალოდ „საზოგადო ხმა“. დაკითხვა მიმდინარეობდა ორი მოწმისა და ნოტარიუსის თანდასწრებით, ბრალდებულს ეძლეოდა შესაძლებლობა, ბრალდებაზე პასუხი გაეცა. აუცილებელი იყო მოწმეების სახელების ცოდნა, რადგანაც მათი გასაიდუმლოება ხელს უწყობდა ცილისწამებას.

განსხვავებული იყო ერეტიკოსობაში ბრალდებულის მდგომარეობა. ეჭვმიტანილს წინასწარ დამნაშავედ აცხადებდნენ. ინკვიზიტორი დამნაშავეს აიძულებდა, ეღიარებინა დანაშაული და მოეთხოვა ეკლესიის წიაღში დაბრუნება.

საინკვიზიციო სასამართლოსგან თავის დახსნა ძნელი საქმე იყო. საბოლოო განაჩენის გამოტანამდე თეორიულად შესაძლებელი იყო რომის პაპთან ჩივილი. თუმცა, ინკვიზოტორზე იყო დამოკიდებული, მიიღებდა თუ არა პაპისათვის გასაგზავნ წერილს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ოქროსმოყვარული პაპი ჩაერია საქმეში.

1245 წლის ლანგედოკის ეპისკოპოსების წერილიდან ირკვევა, რომ ისინი ჩივიან პაპ ინოკენტი IV–სთან რომ ბევრმა ერეტიკოსმა სასამართლოსგან თავის დაღწევა მოახერხა. თუმცა, ასეთი შემთხვევა იშვიათი ხდებოდა. კარკასონის ინკვიზიციის რეესტრში, 1249–1258 წლებში ორასზე მეტი საქმიდან ბრალდებული არც ერთ შემთხვევაში გასამართლებული არაა.

ინკვიზიტორთა შორის განსაკუთრებით დომინიკელებმა გამოიჩინეს თავი, რომელთაც დაკითხვათა დახვეწილი სისატიკის გამო „ღმრთის ძაღლთა“ (Domini canes) ორაზროვანი მეტსახელი დაიმსახურეს.

საბედნიეროდ, ცალკეულ ხალხებში ინკვიზიციამ მცირე ხანს იარსება. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ XIV-XV საუკუნეებში გერმანიასა და საფრანგეთში სამოძღვრო საკითხთა მიმართ ყურადღება მნიშვნელოვნად შესუსტდა კუდიანებზე ნადირობის გააქტიურების გამო. ინკვიზიციამ საეჭვო სახელი მოიხვეჭა ესპანეთში, სადაც ეჭვმიტანილთა შორის ძირითადად ებრაელები და ქრისტიანობაზე მოქცეული არაბები აღმოჩნდნენ (სავალდებულო მოქცევები 1391 წლიდან). კასტილიაში მოღვაწე (1481) პირველი ესპანელი „დიდი ინკვიზიტორის“ – დომინიკელი თომა დი ტორკვემადას (1420-1498) დროიდან მოყოლებული ინკვიზიციამ მოაწყო 9.000 აუტოდაფე (ლათ. actus fidei, ინკვიზიციის სასამართლოს რწმენის ოფიციალური აღსარება და განაჩენის გამოცხადება, რომელსაც მოჰყვებოდა მისი აღსრულება).

ინკვიზიციისგან თავის დაღწევა იმდენად რთული საქმე იყო, რომ ფრანცისკანელი ბერის ბერნარ დელისიეს სიტყებით, წმინდა პეტრე და წმინდა პავლე ერეტიკოსობაში დადანაშაულების და საქმის აღძვრის შემთხვევაში ვერანაირად გაიმართლებდნენ თავს.

ცალკეულ ხალხებში ინკვიზიციამ მცირე ხანს იარსება, თუმცა უმეტეს ქვეყანებში კარგა ხანს გაგრძელდა

XVII საუკუნიდან ევროპის ბევრ ქვეყანაში ინკვიზიციის შემთხვევებმა 2-ჯერ 3-ჯერ იკლო, ხოლო საბოლოოდ აიკრძალა ძირითადად XVIII-საუკუნის ბოლოდან XIX საუკუნის პირველ ნახევრში, ერთ-ერთი პირველი იყო საფრანგეთი (1722) და ერთ-ერთი უკანასკნელი ტოსკანა (1852), აღსანიშნავია, რომ რომში 1809 წელს გააუქმეს ინკვიზიცია და ხელმეორედ ისევ შემოიღეს 1814 წელს პიემ VII-ს დროს და იარსება 1908 წლამდე.

გავიხსენოთ, რომელი ცნობილი ადამიანები დაწვეს კოცონზე:

იან ჰუსი და მისი მოწაფე და მეგობარი იერონიმე პრაღელი – ჩეხი ხალხის ეროვნული გმირები, რეფორმატორები და მეცნიერებ-ორატორები – მათმა მოწამეობრივმა სიკვდილმა დააჩქარა რევოლუციური მოძრაობა და ჰუსიტური ომები 1419-1434 წლებში. იან ჰუსი 1415 წლის 6 ივლისს დაწვეს კოცონზე, ხოლო იერონიმე პრაღელი ოდნავ მოგვიანებით – 1416 წლის 30 მაისს.

ჟანა დარკი – საფრანგეთის სახალხო გმირი, რომელიც ასწლიანი ომის (1337—1453) დროს 1429—1430 ხელმძღვანელობდა ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას. მისმა უდიდესმა პოპულარობამ შეაშინა მეფე, არისტოკრატია და უმაღლესი სამღვდელოება. იგი, ფაქტობრივად, ჩამოაშორეს სამხედრო მოქმედებათა ხელმძღვანელობას. 1430 წლის 23 მაისს კომპიენის კომენდანტის ღალატის შედეგად იგი ტყვედ ჩაიგდეს ინგლისის მომხრე ბურგუნდოელებმა და 6 თვის შემდეგ დიდ თანხად მიჰყიდეს ინგლისელებს. შარლ VII-მ არაფერი იღონა ჟანას დასახსნელად, ქალაქ რუანში მოწყობილ საეკლესიო სასამართლო პროცესზე (1431 იანვარი-მაისი) ჟანა დ’არკი “ჯადოქრად” და “მწვალებლად” ცნეს და რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს.

ჯორდანო ბრუნო – იტალიელი ასტრონომი, ასტროლოგი, ფილოსოფოსი და პოეტი, დომინიკელთა ორდენის წევრი, პანთეიზმის წარმომადგენელი, რომელმაც მთლიანად შეცვლა წარმოდგენა სამყაროზე, 1592 წელს კათოლიკური ეკლესიის მსახურებმა ბრალად დასდეს ერეტიკოსობა. 8 წლის განმავლობაში ჯორდანო ბრუნო ციხეში იმყოფებოდა, ხოლო 1600 წლის 17 თებერვალს იგი კოცონზე დაწვეს.

გალილეო გალილეი – მართალია განაჩენი არ აღსრულდა, თუმცა ეკლესიამ მაინც მიუსაჯა სამუდამო შინა პატიმრობა, რა დროსაც იტალიელ ასტრონომს, ფიზიკოსს და ფილოსოფოსს სიცოცხლის ბოლომდე თან სდევდა ინკვიზიციის შიში, მან განავითარა კოპერნიკის მოძღვრებანი, რა დროსაც დაიჭირეს და საეკლესიო სასამართლოს გადასცეს, მან კარგად იცოდა, რომ ჯორდნაო ბრუნოს ბედი ელოდა, ამიტომ ბოლო მომენტში გადათქვა საკუთარი მსოფლმხედველობა და აღაირა, რომ “ცდებოდა”.

დანტე ალეგიერი – იტალიელი “უზენაესი პოეტი”, მოაზროვნე, თეოლოგი, ლიტერატურული იტალიური ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პოლიტიკოსი და ” ღვთაებრივი კომედიის” ავტორი მიუხედავად იმისა, რომ დანტე კათოლიკე იყო და პატივს სცემდა რელიგიას, ის მაინც გახდა ინკვიზიციის მსხვერპლი, განსაკუთრებით მისი პოემის “ღვთაებრივი კომედია” გამო. ფიზიკურად მისი ინკვიზიცია არ მომხდარა, მაგრამ კათოლიკური ეკლესიის ცენზურამ იკრძალა დღეისთვის უკვე ცნობილი მსოფლიო ლიტერატურის შედევრი.

©️ Intermedia.ge




კუდიანების დევნა

1450 წლიდან 1700 წლამდე ევროპაში დაახლოებით 100,000 ადამიანი შეეწირა ეგრეთ წოდებულ “კუდიანების დევნას”.

ჩრდილოეთი და ცენტრალური ევროპის უდიდეს ნაწილში მსხვერპლთა 75-80 პროცენტს ქალები შეადგენდნენ. “ტიპური” კუდიანი, როგორც ასეთი, არ არსებობდა. დადანაშაულებულთა და დაპატიმრებულთა შორის შეიძლება ყოფილიყვნენ როგორც 8-9 წლის ბავშვები, ისე მოხუცი ქალები. არ არსებობდა განმსაზღვრელი სოციალური კლასი: კუდიანად ბრალდებული შეიძლება ყოფილიყო როგორც ძალიან ღარიბი, ისე – მამულების მფლობელი, მკურნალ-ექიმბაში თუ ბებიაქალი, მათხოვარიც და ფერმერიც.

არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ იყვნენ ქალები კუდიანთა დევნის მთავარი სამიზნე. პირველ ყოვლისა, ამას ხელს უწყობდა მსოფლიოში გავრცელებული უძველესი რწმენა ჯადოქარი ქალების შესახებ, შერწყმული ევას მიზეზით კაცობრიობის სამოთხის ბაღიდან გამოძევების ბიბლიურ ნარატივთან. ითვლებოდა, რომ ქალებს მეტად აქვთ მიდრეკილება ეშმაკისეულისა და ბოროტ ძალთა ცდუნებისკენ.

ქალთა საგანგებო დევნას ხელი შეუწყო სოციალურმა და ეკონომიურმა ფაქტორებმაც. ქალები არ ჰქონდათ ძალაუფლება და ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ისინი ქმრებზე, მამებსა და მამაკაც ნათესავებზე იყვნენ დამოკიდებული, ხოლო თუ მამაკაცი ნათესავები არ ჰყავდათ, მათი ხვედრი ეკონომიკურად მარგინალიზება იყო და მათხოვრობით ან პროსტიტუციით უხდებოდათ თავის გატანა. ამ ტიპის ქალები უფრო მოწყვლადი იყვნენ კუდიანობაში დადანაშუალებისთვის, მათ არ ჰყავდათ ნათესავები, რომლებიც სასამართლოზე დაიცავდენ, ამგვარად, ისინი საზოგადოების შიშისა და აღშფოთების იოლი სამიზნე ხდებოდნენ.

კუდიანური “დანაშაული” საოჯახო სივრცეში ხდებოდა: ბავშვებისთვის ან საქონლისთვის ავადმყოფობის შეყრა, რძის აჭრა კარაქის დამზადებისას, ქმრებისა და შეყვარებულების წართმევა და სხვ. მკურნალები და ბებიაქალები უმეტესწილად ქალები იყვნენ, ამგვარად, როდესაც ავადმყოფი არ გამოჯანმრთელდებოდა ან მშობიარობა ცუდად დასრულდებოდა, მათ ჯადოს გაკეთებაში ადანაშაულებდნენ. იყო კიდევ ერთი კულტურულად განპირობებული ფაქტორი: მეზობლებთან ჩხუბისას და კონფლიქტისას ქალები უფრო ხშირად იყენებდნენ წყევლას, ხოლო მამაკაცები პირდაპირ ფიზიკური ძალით უსწორდებოდნენ ერთმანეთს. ეს კი კულტურაში, რომელიც სიტყვებს მაგიურ ძალას მიაწერდა, ქალთა ჯადოქრობაში დადანაშაულების კიდევ ერთი მიზეზი ხდებოდა.

დადანაშაულება შეიძლებოდა სასარგებლო ყოფილიყო არაკონფორმისტი ქალების მოთვინიერებისა და დამორჩილებისთვისაც. საბოლოოდ, ეშმაკისეული კუდიანის კონსტრუქტი თავად სოციალური სამყაროს ინვერსიას წარმოადგენდა – თუ ყოველდღიურ სამყაროში ძალაუფლებრივ ველში მამაკაცები დომინირებდნენ, ეშმაკისეულ დისტოპიაში ძალაუფლება ქალების ხელში იყო წარმოდგენილი. აქ ისინი მათთვის შესაფერის საოჯახო როლებს უკუღმა ასრულებდნენ: ცხოვრებისთვის საჭირო საქმეების კეთების ნაცვლად, როგორიცაა საჭმლის მომზადება, ბავშვებსა და ავადმყოფებზე ზრუნვა, ისინი ბავშვებისგან ამზადებდნენ კერძებს, ხარშავდნენ საწამლავს და იწვევდნენ ავადმყოფობებს; ქმართან მონოგამიური თანაცხოვრების ნაცვლად, სქესობრივ კავშირს ამყარებდნენ ეშმაკთან და დემონებთან, მონაწილეობდნენ ორგიებში.

კუდიანთა დევნის ყველა მსხვერპლი როდი იყო ქალი. ხშირად კუდიანად გამოცხადებული ქალების მამაკაცი ნათესავებიც აღმოჩნდებოდნენ ხოლმე სამიზნე. ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ინკვიზიცია ყველაზე ძლიერი იყო, მამაკაცებს უფრო ხშირად ერეტიკოსობაში ადანაშაულებდნენ, კუდიანობაში ბრალდებულ ქალებს კი მონანიების საშუალებას აძლევდნენ.

ფინეთსა და ისლანდიაში კი კუდიანობაში დადანაშაულებულთა შორის ქალებს მამაკაცები სჭარბობდნენ. ეს შეიძლება ადგილობრივი წეს-ჩვეულებების თავისებურებებით აიხსნას: აქ ადგილობრივი მაგიური პრაქტიკები მეტწილად მამაკაცთა მიერ სრულდებოდა და ამიტომაც ისინი უფრო მეტად ასოცირდებოდნენ მაგიასთან, ვიდრე ქალები.

კუდიანთა დევნის დროს ათიათასობით უდანაშაულო ადამიანი დაისაჯა სიკვდილით, ხოლო ასიათასობით შიშსა და ძრწოლაში ცხოვრობდა. ჩვეულებრივი ადამიანები ხშირად იყენებდნენ კუდიანობაში ბრალდებას მეზობლებზე შურის საძიებლად. პრაქტიკა ევროპიდან კოლონიებშიც გავრცელდა: ქრისტიანობის შესვლასთან ერთად ამერიკის კონტინენტებზეც დაიწყო კუდიანთა დევნა. კოლონიებში, ისევე, როგორც ევროპაში, ეჭვი უფრო ხშირად ქალებზე იყო მიმართული: სამიზნე შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილობრივი ხალხური მაგიის პრაქტიკოსი ან ჩვეულებრივი სოფლის ქალი.

მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებიდან ძლიერი ურბანიზაციისა და განმანათლებლობის გავლენით ჯადოქრობაში ბრალდებები წარსულს ჩაბარდა. თუმცა კუდიანების არსებობის რწმენას და ჯადოს მოხსნის პრაქტიკებს ოცდამეერთე საუკუნეშიც არაერთგან შეიძლება წავაწყდეთ.

ნინი არაბული.

წყარო: ლიგა




მიცვალებულის გამოცხადება თურქეთის მიწისძვრის დროს